საია საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს: არასრულწლოვანს 2,5 წელია სასამართლოს გადაწყვეტილება ვერ ჩაბარდება
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს საკონსტიტუციო სასამართლოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმის სადავოდ გახდომის თაობაზე მიმართა. სადავო ნორმა 14-დღიანი სააპელაციო ვადის ათვლას მხარისთვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებას უკავშირებს.

საიას განცხადებით, ორგანიზაციის ერთ-ერთ კლიენტს — ფენილკეტონურიით (იშვიათი მეტაბოლური დაავადება) დაავადებულ არასრულწლოვანს — მოსამართლე ხათუნა ჯინორიას სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილება 2,5 წელია არ ჩაბარებია. მოსამართლეს ამ დოკუმენტის მოსამზადებლად კანონით 14 დღე ჰქონდა. გაჭიანურებამ ბავშვს პრაქტიკულად სააპელაციო უფლება ჩამოართვა — სანამ გადაწყვეტილება არ ჩაბარდება, 14-დღიანი ვადის ათვლა ვერ დაიწყება.
„დღეს საია იწყებს დავას იმ მნიშვნელოვანი გამოწვევის საპასუხოდ, რომელიც ბავშვის უფლებებზე სამოქალაქო საქმეზე გაჭიანურებულ სამართალწარმოებას შეეხება”, — ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
საია ასევე სოლიდარობას უცხადებს დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებულ ბავშვებსა და მათ ოჯახებს, რომლებიც ყოველდღიურად იბრძვიან სიცოცხლისათვის საჭირო სამედიცინო მომსახურებაზე ხელმისაწვდომობისთვის.