← მთავარი
სპორტი

ვილი სანიოლის ინტერვიუ "ბილდთან": "თუ წლის ბოლოს ოლისეს არ მისცემენ "ოქროს ბურთს", ესე იგი, ფეხბურთში რაღაც არასწორად ხდება..."

2 ივლისი, 2026 · წყარო: lelo.ge
ვილი სანიოლის ინტერვიუ

ვილი სანიოლმა, ინტერვიუ მისცა პოპულარულ გერმანულ გამოცემა “ბილდს”. საუბრის ძირითადი თემა მსოფლიო ჩემპიონატი იყო. ცხადია, მკითხველს დააინტერესებს საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის ნააზრევი…

“მე, როგორც ბაიერნელს, მახარებს ის ფაქტი, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე ორი მიუნხენელი ფეხბურთელი ბრწყინავს - მაიკლ ოლისე და დაიოტ უპამეკანო. განსაკუთრებით სენეგალთან და ირანთან (ალბათ, სანიოლს ერაყი უნდა ეთქვა - რედ) შეხვედრებში.

უპამეკანოსთვის ძალიან დიდი გამოწვევაა, ითამაშო ცენტრალურ მცველად ისეთ დომინანტურ კლუბში, როგორიც “ბაიერნია”. შესაძლოა, არ გაქვს ბევრი საქმე, მაგრამ შენი მოვალეობა ბოლომდე კარგად უნდა შეასრულო.

უპამეკანოს სოლიდურობა დაცვაში საფრანგეთის ნაკრებს საშუალებას აძლევს, უფო მეტი პრესინგი შესთავაზოს მოწინააღმდეგეს. მისი მასიური სხეული დიდი ძალის მატარებელია. ის ჩემს ყოფილ თანაგუნდელ ლუსიოს მაგონებს. ისიც ასეთივე ძლიერი იყო ფიზიკურად. უბრალოდ, ლუსიო ზოგჯერ უფრო დიდ რისკზე მიდიოდა…

ოლისეზე ბევრი საუბარი სულაც არაა საჭირო. უბრალოდ, უნდა უყურო მის ყველა თამაშს, ყველა მომენტს და ისიამოვნო. ის მსოფლიოში საუკეთესოა და ბევრად წინ არის სხვებზე. თუ წლის ბოლოს მას არ მისცემენ “ოქროს ბურთს”, ესე იგი, ფეხბურთში რაღაც არასწორად ხდება.

იცით, რა მომწონს მასში ყველაზე მეტად? მას არ აინტერესებს, საგოლე პასს გააკეთებს თუ გოლს გაიტანს, ის არ ფიქრობს საკუთარ სტატისტიკაზე და აკეთებს იმას, რაც კონკრეტულ მომენტში გუნდს სჭირდება. ასე იყო ზინედინ ზიდანი. ლიონელ მესი და კრიშტიანო რონალდო, რომლებიც ბოლო 15 წლის განმავლობაში დომინირებენ, უფრო თავიანთი სტატისტიკისთვის თამაშობენ.

არაფერი მაქვს რონალდოსა და მესის საწინააღმდეგო, უბრალოდ, ოლისე გამორჩეულად გუნდური მოთამაშეა. ის არ არის ინდივიდუალისტი. როგორც იქნა, გამოჩნდა სამაგალითო ფეხბურთელი ჩვენი ბავშვებისთვის. 100 წლის მოხუციც მისი ფანია და 5 წლის ბავშვიც. ჩვენ, ყოფილი ფეხბურთელები, მას ვაფასებთ ბოლომდე. ჩვენთვის ის ნომერი პირველია.

კილიამ მბაპე უფრო საკუთარ თავზეა ორიენტირებული, კარიერაზე, გოლებზე… ამადაცაა, ხშირად რომ აკრიტიკებენ. რაღაცებს აღიქვამენ ნეგატიურად. ის დიდ საქმეს აკეთებს მუნდიალზე. ბოლომდე მჯერა, რომ სწორედ ის გახდება საუკეთესო ბომბარდირი.

ოლისე ჯერ ისეთ ახალგაზრდულ ასაკშია, შეუძლია, რამდენიმე წელიწადში გადავიდეს “რეალში”. მას მიუნხენში აქვს დიდებული გარემო, ჰყავს შესანიშნავი თანაგუნდელები, ასეთივე მწვრთნელი. ის ბედნიერი ჩანს “ბაიერნში”. მე, როგორც “ბაიერნის” ყოფილ ფეხბურთელს, იმედი მაქვს, ის გუნდში კიდევ დარჩება გარკვეული ხნის განმავლობაში, - თქვა ვილი სანიოლმა.

← მთავარი