საგარეო რეზოლუციაზე: არ ემყარება ობიექტურ შეფასებას, შეიცავს ტენდენციურ ინტერპრეტაციებს
ივანიშვილის საგარეო საქმეთა სამინისტრო ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ საქართველოს შესახებ კრიტიკული რეზოლუციის მიღებას ეხმიანება. მათი შეფასებით, ანგარიში არ ემყარება “ობიექტურ და ფაქტებზე დაფუძნებულ შეფასებას”, რაც სერიოზულ კითხვებს აჩენს მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით.
განცხადებაში ნათქვამია, რომ მსგავსი პრაქტიკა აზიანებს თავად ევროპის საბჭოს ავტორიტეტს. ასეთი მიდგომა კი ემსახურება არა დემოკრატიის განმტკიცებას, არამედ რადიკალური პროცესების წახალისებას
“2026 წლის 24 ივნისს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ (PACE) მიიღო რეზოლუცია, რომელიც ეფუძნება საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირების შესახებ მომზადებულ ანგარიშს.
აღნიშნული ანგარიში არ ემყარება ობიექტურ და ფაქტებზე დაფუძნებულ შეფასებას, შეიცავს ტენდენციურ ინტერპრეტაციებს, ცალმხრივ პოლიტიკურ შეფასებებსა და საქართველოს შესახებ მცდარი ნარატივების გამეორებას, რაც სერიოზულ კითხვებს აჩენს როგორც ანგარიშის მიუკერძოებლობასთან, ისე მისი მომზადების პროცესთან დაკავშირებით.
განსაკუთრებით საგანგაშოა, რომ ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის დაცვის მიზნით შექმნილი საერთაშორისო ინსტიტუტი სულ უფრო ხშირად გამოიყენება პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტად. მსგავსი პრაქტიკა აზიანებს თავად ევროპის საბჭოს ავტორიტეტს და აჩენს საფუძვლიან ეჭვებს ორგანიზაციის ცალკეული სტრუქტურების მიუკერძოებლობის მიმართ.
მიუღებელია დემოკრატიის სახელით დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლების დისკრედიტაციის მცდელობა, კანონიერად მოქმედი სახელმწიფო ინსტიტუტების მიზანმიმართული კრიტიკა და იმ პოლიტიკური ჯგუფების წახალისება, რომლებიც არჩევნების გზით მიღებული საზოგადოებრივი მანდატის უგულვებელყოფას ცდილობენ. მსგავსი მიდგომა არა დემოკრატიის განმტკიცებას, არამედ პოლიტიკური პოლარიზაციის გაღრმავებასა და რადიკალური პროცესების წახალისებას ემსახურება.” - ნათქვამია განცხადებაში.
ივანიშვილის საგარეო აგრეთვე წერს, რომ შემაშფოთებელია კანონების გაუქმების მოთხოვნა მაშინ, როცა არ აქვთ სამართლებრივი არგუმენტები. მათი ცნობით, ქართული ოცნება მტკიცედ დაიცავს ქვეყნის სუვერენიტეტს, კონსტიტუციურ წესრიგსა და ქართველი ხალხის დემოკრატიულ არჩევანს და მოელის ევროპის საბჭოს ინსტიტუტების მხრიდან კონსტრუქციულ და სამართლიან მიდგომას.
“დაუშვებელია სუვერენული სახელმწიფოს შიდა პოლიტიკური და სამართლებრივი პროცესების მიმართ მიკერძოებული დამოკიდებულება, ასევე ეროვნული ინტერესების გათვალისწინებითა და კონსტიტუციური პროცედურების სრული დაცვით მიღებული საკანონმდებლო გადაწყვეტილებების პოლიტიკური ნიშნით შეფასება. შემაშფოთებელია კანონების გაუქმების მოთხოვნა სათანადო სამართლებრივი არგუმენტაციისა და ობიექტური შეფასების გარეშე, რაც სცდება ინსტიტუციური მანდატის ფარგლებს და პოლიტიკური ჩარევის ნიშნებს ატარებს.
საქართველოს ხელისუფლება მტკიცედ დაიცავს ქვეყნის სუვერენიტეტს, კონსტიტუციურ წესრიგსა და ქართველი ხალხის დემოკრატიულ არჩევანს. არცერთი გარე პოლიტიკური ზეწოლა, დეზინფორმაციული კამპანია თუ უსამართლო შეფასება ვერ გახდება საქართველოს ეროვნული ინტერესების, სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისა და დემოკრატიული ლეგიტიმაციის უგულვებელყოფის საფუძველი.
საქართველო, როგორც ევროპის საბჭოს პასუხისმგებლიანი წევრი და მისი უმთავრესი ღირებულებების ერთგული დამცველი, კიდევ ერთხელ ადასტურებს მზაობას პატივისცემაზე და ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობისთვის და მოელის ევროპის საბჭოს ინსტიტუტების მხრიდან კონსტრუქციულ და სამართლიან მიდგომას.” - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
ცნობისთვის, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ (PACE) გუშინ, 24 ივნისს საქართველოს შესახებ კრიტიკული რეზოლუცია მიიღო. დოკუმენტს მხარი 84-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი 1 იყო, 4-მა კი თავი შეიკავა.
PACE-მ საქართველოს შესახებ მორიგი კრიტიკული რეზოლუცია მიიღო