საფრანგეთმა თბილისიდან დაზვერვის ორი აგენტი გაიწვია
საფრანგეთის საგარეო დაზვერვის სამსახური იძულებული გახდა, თბილისიდან პარიზში გამოიწვია ორი აგენტი — ასე იწყებს 3 ივნისს გამოქვეყნებულ სტატიას Intelligence Online-ის რედაქტორი, ანტუან იზამბარდი. იმავე გამოცემაზე დაყრდნობით ამბავს „რადიო თავისუფლება” ავრცელებს.
აგენტების გაწვევა მოხდა მაისში, ბიძინა ივანიშვილის ყოფილ თანამოაზრედ დახასიათებული გიორგი უძილაურის — „ქართული ბანკის” ყოფილი პრესსამსახურისა და ფინანსური პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნის — 5 მაისს ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებიდან ცოტა ხნის შემდეგ.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (სუსი) საქვეყნოდ არ უთქვამს, კონკრეტულად რომელი ქვეყნის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ედავება გამოძიება უძილაურს — თუმცა მდინარაძემ ევროპული ქვეყნის სპეცსამსახურებზე გაიძახა.
Intelligence Online-ის თქმით, ქართულმა ხელისუფლებამ დიპლომატიური კრიზისის თავიდან ასარიდებლად „პერსონა ნონ გრატა”-ს ნაცვლად მხოლოდ აგენტების ქვეყნიდან გაყვანა მოითხოვა — ამ მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში კი ვინაობების გასაჯაროების საფრთხე გააჩინა.
მდინარაძემ ამ პერიოდში საქვეყნოდ განაცხადა, რომ ევროპის ქვეყნები, რომლებიც „გაცხოველებული რეჟიმით” ახორციელებენ სადაზვერვო ოპერაციებს საქართველოში, მათ „გაიყვანონ და განიკარგონ.”
„რადიო თავისუფლებამ” საფრანგეთის საელჩოსა და სუსს ფაქტის დადასტურება სთხოვა — ორივეს პასუხი ჯერ მიღებული არ არის.