← მთავარი
პოლიტიკა

საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია დაამტკიცა — ივანიშვილისა და მისი გარემოცვის წინააღმდეგ სანქციები მოითხოვა

12 მაისი, 2026 · წყარო: ambebi.ge · newposts.ge
საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია დაამტკიცა — ივანიშვილისა და მისი გარემოცვის წინააღმდეგ სანქციები მოითხოვა

საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ 68 ხმით 28-ის წინააღმდეგ დაამტკიცა რეზოლუცია, რომელიც საქართველოს მმართველ „ქართულ ოცნებას” და პირადად ბიძინა ივანიშვილს ეხება. რეზოლუციის ავტორია პრეზიდენტ მაკრონის გუნდის წევრი, დეპუტატი კონსტანს ლე გრიპი.

დოკუმენტი საფრანგეთის მთავრობას ევროპელ პარტნიორებთან კოორდინაციით მოუწოდებს, დააწესოს ინდივიდუალური სანქციები „ქართული ოცნების” წევრებისთვის, კერძოდ ბიძინა ივანიშვილისა და მისი ახლო გარემოცვისთვის. სანქციები უნდა მოიცავდეს ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლის აკრძალვასა და აქტივების გაყინვას.

რეზოლუცია „გმობს საქართველოს მთავრობის ავტორიტარულ მიმართულებას, ფუნდამენტური უფლებების დარღვევას, შეზღუდვებს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებაზე, და მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ არაპროპორციული ძალის გამოყენებას.”

ფრანგი დეპუტატები ასევე მოითხოვენ ყველა პოლიტიკური პატიმრის — მათ შორის ოპოზიციის ლიდერებისა და დაკავებული მშვიდობიანი დემონსტრანტების — დაუყოვნებლივ გათავისუფლებას.

რეზოლუცია ითხოვს, საფრანგეთის მთავრობამ შეისწავლოს ივანიშვილისთვის საპატიო ლეგიონის ორდენის მინიჭების გარემოებები და განიხილოს ამ ჯილდოს ჩამორთმევა, „მისი იმ ქმედებების გათვალისწინებით, რომლებიც ეწინააღმდეგება რესპუბლიკის მიერ აღიარებულ ღირებულებებს”.

ევროკავშირის ინსტიტუტებს და წევრ სახელმწიფოებს ეს დოკუმენტი მოუწოდებს, „მეტი ყურადღება გამოიჩინონ საქართველოში ფუნდამენტური უფლებების დაცვასთან დაკავშირებით და განიხილონ რეაგირების ზომები გამოვლენილ დარღვევებზე, მათ შორის მიზნობრივი შემზღუდავი ინსტრუმენტების მობილიზების საშუალებით.”

← მთავარი