საელჩოები შიო III-ს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავენ
საქართველოს 142-ე კათოლიკოს-პატრიარქ შიო III-ს თბილისში აკრედიტებული უცხოური სადიპლომატიო წარმომადგენლობები ულოცავენ.
აშშ-ის საელჩო: „საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ პატრიარქის პირველად არჩევა ისტორიული მოვლენაა. მას დიდ წარმატებას ვუსურვებთ და ველით საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან — მსოფლიოს ერთ-ერთ უძველეს ქრისტიანულ კონფესიასთან — ჩვენი საერთო კულტურული და ცივილიზაციური მიზნებისთვის თანამშრომლობას.”
ევროკავშირის წარმომადგენლობა: „იმ ეტაპზე, როდესაც მსოფლიოს ძალიან სჭირდება მორალური სიცხადე, შერიგება და იმედი, გვჯერა, რომ თქვენი უწმინდესობის სულიერი ხელმძღვანელობა და სიბრძნე შთაგონების წყარო იქნება ყველასთვის, ვინც ერთიანობას ეძებს გაურკვევლობისა და განხეთქილების დროს.”
შვეიცარიის საელჩო: „ვუსურვებთ მის უწმინდესობას მრავალჟამიერ და ნაყოფიერ მსახურებას საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და მორწმუნეთა საკეთილდღეოდ.”
გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი სოციალურ ქსელ X-ში ახალ პატრიარქს მიულოცა ახალი აღთქმის ციტატით: „მწყემსეთ თქვენთვის მონდობილი ღვთის სამწყსო.”
შეგახსენებთ: 11 მაისს გაფართოებულ საეკლესიო კრებაზე 39 ხმიდან 22-ით კათოლიკოს-პატრიარქად სენაკ-ჩხოროწყუს ყოფილი მიტროპოლიტი შიო მუჯირი (შიო III) აირჩიეს. 12 მაისს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში მისი ინტრონიზაცია გაიმართა.