ქრთამის აღების ფაქტზე საბაჟო გამშვები პუნქტის ცვლის უფროსი დააკავეს
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე საბაჟო გამშვები პუნქტ „წითელი ხიდის“ ცვლის უფროსი დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, მოქალაქეს დაჰპირდა, რომ ხელს შეუწყობდა სავალდებულო დეკლარირების გარეშე $200 000-ის შემოტანაში — ბრალდებულმა ქრთამის სახით, ყოველ ჯერზე, $8 000-ის გადახდა მოითხოვა.
„საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ბრალდებული წინასწარ მოთხოვნილი თანხის ნაწილის — 4 000 აშშ დოლარის აღებისთანავე დააკავეს.
სასამართლოს განჩინების საფუძველზე ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოპოვებულია აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების ამსახველი აუდიო და ვიდეომტკიცებულებები,“ — ვკითხულობთ უწყების განცხადებაში.
საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 11 წლამდე ვადით.