← მთავარი
სპორტი

"დღე, როცა მადლობის თქმა ყველაზე რთულია"... საბა ხარებაშვილი თბილისის "დინამოს" დაემშვიდობა...

30 ივნისი, 2026 · წყარო: lelo.ge

“ბაშაქშეჰირს” მალე შეუერთდება საბა ხარებაშვილი, რომელიც თბილისის “დინამოს” დაემშვიდობა და კარიერას თურქეთის სუპერლიგის კლუბში გააგრძელებს.

18 წლის მცველმა “ბაშაქშეჰირთან” კონტრაქტი წლის დასაწყისში გააფრმა. Transfermarkt-ის მონაცემებით, ამ გარიგებით თბილისური კლუბი 2,5 მილიონ ევროს მიიღებს და ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერი იქნება, რაც ეროვნული ლიგის კლუბებს განუხორციელებია. სრულწლოვნებამდე ხარებაშვილი “დინამოს” ფორმით თამაშობდა…

“დადგა დღე, როცა მადლობის თქმა ყველაზე რთულია. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო კლუბს, რომელმაც მომცა შესაძლებლობა, გავზრდილიყავი, არა მხოლოდ როგორც ფეხბურთელი, არამედ, როგორც პიროვნება.

თქვენ მასწავლეთ შრომის ფასი, დისციპლინა, პასუხისმგებლობა და ყველა ადამიანური ღირებულებები, რომელიც მთელი ცხოვრება თან გამყვება.

მადლობა თითოეულ თქვენგანს: მწვრთნელებს, თანაგუნდელებს, სტაფს. ყველას, ვისაც ჩემი ცხოვრების გზაზე პატარა წვლილი მიუძღვის ჩემს განვითარებაში. თქვენი შრომა, ნდობა და თანადგომა ჩემთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი იქნება.

განსაკუთრებული მადლობა გულშემატკივრებს - თქვენი სიყვარული და გვერდში დგომა ყველაზე რთულ და ყველაზე ბედნიერ წუთებში უდიდეს ძალას მაძლევდა. “დინამო” ყოველთვის იქნება ჩემი ისტორიის უმნიშვნელოვანესი ნაწილი და აქ მიღებული გამოცდილება, მეგობრობა და მოგონებები ჩემთან სამუდამოდ დარჩება!

“დინამოს” ვუსურვებ წარმატებას, რომელსაც ეს დიდი კლუბი იმსახურებს. მადლობა ჩემს დიდ ოჯახს ყველაფრისთვის. მხოლოდ “დინამო”! მხოლოდ თბილისი!”, - წერს საბა ხარებაშვილი.

მან კარიერა თბილისის “დინამოს” მთავარ გუნდში 15 წლისამ დაიწყო და ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა, რომელმაც საქართველოს ჩემპიონატში ითამაშა.

2025 წლის ივნისში გამოიძახეს საქართველოს ეროვნულ ნაკრებში და ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა, რომელმაც “ჯვაროსნების” ფორმით ითამაშა.

2024 წელს, ხარებაშვილი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ 17-წლამდე ასაკის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა და ალექსანდრე ჩივაძის ოქროს მედლით დააჯილდოვა.

← მთავარი