ზაარბრიუკენი 50-წლიანი დაძმობილების შემდეგ თბილისთან ყველა კონტაქტს წყვეტს — კალაძე „სამძიმარს” უცხადებს
დასავლეთ გერმანიის ქალაქი ზაარბრიუკენი ორმოცდაათ წელზე მეტი ხნის დაძმობილების შემდეგ გეგმავს, საქართველოს დედაქალაქ თბილისთან „ყველა კონტაქტი” შეწყვიტოს. გადაწყვეტილება 21 მაისს მიღდება — ამის შესახებ გერმანული გამოცემა Saarbrücker Zeitung მოგვითხრობს.
ზაარბრიუკენსა და თბილისს შორის მეგობრობის შეთანხმება 1975 წლიდან მოდის — ეს იყო დასავლეთ გერმანიის ქალაქსა და საბჭოთა კავშირის ქალაქს შორის პირველი ოფიციალური დაძმობილება. გამოქვეყნებული მერის, უვე კონრადტის ოფისის რეზოლუციის პროექტი საქართველოში „დემოკრატიულ უკუსვლაზე, განსხვავებული აზრის, უმცირესობებისა და მედიის ჩახშობაზე” საუბრობს და ამბობს, რომ ქვეყანა „ერთპარტიული სახელმწიფოს, პოლიციური სახელმწიფოსა და დიქტატურისკენ” მიემართება.
გამოცემა ასევე ხაზს უსვამს, რომ თბილისის მერი, კახა კალაძე, არა მხოლოდ „ქართული ოცნების” წევრია, არამედ მისი გენერალური მდივანიც: „შესაბამისად, კალაძე მხარს უჭერს და იზიარებს პასუხისმგებლობას ყველა ამ მოვლენაზე.”
კალაძემ 19 მაისს „სამძიმრის წერილი გერმანელ ხალხს” სათაურის ქვეშ პოსტი გამოაქვეყნა. მასში ბრალდება „დიფ სთეითის” მორჩილ გერმანულ ბიუროკრატიას მიემართება: „მრავალწლიანი მეგობრობის მიუხედავად, ისტორიული მეგობრობაც კი პოლიტიკური სპეკულაციების საგანი ხდება.”
ბოლო პერიოდში თბილისსა და ბერლინს შორის ურთიერთობები განსაკუთრებით დაიძაბა — ქართული ოცნების ხელისუფლება გერმანიის ელჩს, პიტერ ფიშერს, ქვეყნის საქმეებში ჩარევაში ადანაშაულებს.