← მთავარი
პოლიტიკა

ზაარბრიუკენი თბილისთან ყველა კონტაქტს წყვეტს — კალაძემ გერმანელ ხალხს „სამძიმარი” გამოუცხადა

20 მაისი, 2026 · წყარო: civil.ge
ზაარბრიუკენი თბილისთან ყველა კონტაქტს წყვეტს — კალაძემ გერმანელ ხალხს „სამძიმარი” გამოუცხადა

დასავლეთ გერმანიის ქალაქი ზაარბრიუკენი, რომელსაც თბილისთან 1975 წლიდან — ანუ საბჭოთა-დასავლელი ქალაქის პირველი ოფიციალური დაძმობილებიდან — ურთიერთობა აქვს, 21 მაისს განიხილავს თბილისთან „ყველა კონტაქტის” გაწყვეტის შესახებ რეზოლუციას. ეს ინფორმაცია 18 მაისს გამოაქვეყნა გერმანულმა გაზეთმა Saarbrücker Zeitung.

გამოქვეყნებული სტატიის თანახმად, ზაარბრიუკენის მერ უვე კონრადტის ოფისმა საკრებულოს წარუდგინა რეზოლუციის პროექტი, სადაც გამოხატულია წუხილი საქართველოში დემოკრატიული უკუსვლის, განსხვავებული აზრის, უმცირესობებისა და მედიის ჩახშობის, ასევე ქვეყნის „ერთპარტიული სახელმწიფოსა და დიქტატურისკენ” სვლის გამო. სტატიაში ასევე მოხსენიებულია გერმანიისა და საქართველოს მთავრობებს შორის თანამშრომლობის შემცირება.

კალაძის „სამძიმრის წერილი” 19 მაისს გამოქვეყნდა. მასში ნათქვამია, რომ „საქართველოსა და გერმანიის ხალხებს შორის მრავალწლიანი მეგობრობის მიუხედავად, „დიფ სთეითის” მორჩილი გერმანული ბიუროკრატიის გადაწყვეტილებების გამო, ისტორიული მეგობრობაც კი პოლიტიკური სპეკულაციების საგანი ხდება”.

საქართველოში გერმანიის ელჩმა პეტერ ფიშერმა კალაძის წერილი „ნარატივად” შეაფასა, რომელიც, მისი თქმით, „კიდევ ერთი ნიშანია იმის, რომ მთავრობას საქართველო ევროკავშირისგან შორს მიჰყავს”. ბოლო პერიოდში „ქართული ოცნება” ელჩ ფიშერს სისტემატურად ბრალდებებს უყენებს ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევაში.

← მთავარი