სააკაშვილი: შევთანხმდით, ნანუკა ჟორჟოლიანი ეროვნულ მოძრაობაში შემოვიერთოთ
მიხეილ სააკაშვილმა 10 ივნისს ფეისბუქზე განაცხადა, რომ „ბრწყინვალე ნანუკა ჟორჟოლიანი და მისი გუნდი” ეროვნულ მოძრაობაში შემოუერთდებიან. პარტიის ლიდერების — მათ შორის საკუთარი თავის და ყოფილი თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილის — პატიმრობის ფონზე, ენმ-ს „სჭირდება გაცოცხლება, ფუნდამენტური განახლება და გააქტიურება”, — წერს ის.
„ამ მიზნით ჩვენ შევთანხმდით, რომ პარტიის რეფორმირებისთვის შემოვიერთოთ ბრწყინვალე ნანუკა ჟორჟოლიანი. მას 25 წელია ვიცნობ — მან არასდროს უღალატია იდეისთვის”, — განაცხადა სააკაშვილმა. სააკაშვილის სიტყვებით, ჟორჟოლიანს „ჩემი სრული ნდობა და მანდატი” აქვს, „პარტიის თავმჯდომარე თიკა ბოკუჩავასთან ერთად ცვლილებების განსახორციელებლად.”
თავად ნანუკა ჟორჟოლიანი ადასტურებს, რომ სააკაშვილისგან წინადადება მიღებული აქვს. „წინადადება საინტერესოა. გაამზრება მაქვს, რომ არც ისე მარტივი იქნება, მაგრამ ეს შანსია დიდი ცვლილებებისთვის”, — წერს ის.
„მოკლედ, ფიქრის და მოლაპარაკების ეტაპია. შეხვედრების, სხვების მოსაზრებების მოსმენის”, — ამბობს ჟორჟოლიანი. ის ხაზს უსვამს, რომ ახალგაზრდებსა და ახალ სახეებს უნდა გაეხსნათ კარი: „საქართველო დიდი ჭაობიდან სწორედ ახალგაზრდულმა ხედვებმა უნდა ამოიყვანოს.”
პარტიის მოქმედი თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა ამ სიახლეს ჯერ არ გამოხმაურებია.