← მთავარი
პოლიტიკა

ვაპირებ სოხუმი ბათუმზე ბევრად უკეთესად ავაშენო და განვავითარო, საერთოდ მიმაჩნია, რომ იქ უნდა იყოს საქართველოს დედაქალაქი - სააკაშვილი

19 აგვისტო, 2026 · წყარო: newposts.ge
ვაპირებ სოხუმი ბათუმზე ბევრად უკეთესად ავაშენო და განვავითარო, საერთოდ მიმაჩნია, რომ იქ უნდა იყოს საქართველოს დედაქალაქი - სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი, ოკუპირებული აფხაზეთის საკითხთან დაკავშირებით ვრცელ წერილს აქვეყნებს.

„ამ დღეებში სრულდება აფხაზეთში რუსების მიერ ჩვენ წინააღმდეგ გაჩაღებული ომის მორიგი წლისთავი. თითქოს რამდენიმე წლის წინ რუსების შემოგდებული, აფხაზებისადმი ბოდიშის აფხაზურად მოხდის სამარცხვინო კამპანია — „მშიბზია“ — არ გვეყო (მაშინ, ივანიშვილის 2024 წლის საბოდიშო გამოსვლამდე, „ეფ-ეს-ბე“ ამ თემაზე ქართული საზოგადოების რეაქციას ტესტავდა). ახლა ნიკა გვარამიამ და არა მხოლოდ მან, გამოაგდეს თემა, რომ თურმე, როგორც ფაშინიანმა მოიშორა ყარაბაღის „ტრავმა“, ასევე ჩვენც უნდა გადავლახოთ აფხაზეთის ტრავმა და ვიაროთ წინ.

ეს თეზისი არა მხოლოდ სრულიად მიუღებელი და მავნეა, არამედ აბსოლუტურად არ ასახავს ისტორიულ და პოლიტიკურ რეალობას. აფხაზეთი ომამდე იყო ყველაზე განვითარებული, შეიძლება ითქვას, ყველაზე ევროპეიზებული, ძირითადად მეგრელებით დასახლებული რეგიონი, რომელიც აუცილებლად გახდებოდა საქართველოს ევროპისკენ სვლის ლოკომოტივი (ბალტიის ქვეყნების მსგავსად), რომ არა რუსების მიერ დაგეგმილი და ორგანიზებული ომი.

ამ დაგეგმილ ომზე ჯერ კიდევ 1989 წელს, მეორეკურსელ სტუდენტს, მაფრთხილებდა აკადემიკოსი გიორგი არბატოვი — გორბაჩოვის პოლიტბიუროს „ლიბერალი“ წევრი. მან მითხრა: „მიხეილ, 9 აპრილის ამბები თბილისში მხოლოდ დასაწყისია. თუ გააგრძელებთ დამოუკიდებლობის მოთხოვნას, თქვენზე მთავარი დარტყმა განხორციელდება აფხაზეთში და ამის გეგმები უკვე არსებობს გენშტაბში“.

არბატოვი ერთ რამეში შეცდა: პირველი დარტყმა განხორციელდა ჯერ თბილისში, რუსების მიერ მხარდაჭერილი შეიარაღებული გადატრიალების სახით, რასაც უკვე აფხაზეთი მოჰყვა. აფხაზეთიდან ქართველების გამოყრით რუსებმა თავიდანვე დაასაჭურისეს ქართული სახელმწიფო.

მე კატეგორიული წინააღმდეგი ვარ აფხაზური საზოგადოების რომანტიზების. მინდა კონკრეტული მაგალითი მოგიყვეთ: აფხაზეთის ომის დროს, სხვებთან ერთად, ვმუშაობდი ტყვეების გაცვლაზე. სოხუმში ეს ჯგუფი ვრჩებოდით ხოლმე ქალაქის ცენტრში, ძალიან ინტელიგენტ სოხუმელ ახალგაზრდა კაცთან — მიშა კოკაიასთან, მის დიდ ბინაში. ეს იყო ე.წ. „თეთრი სახლი“, სადაც აფხაზეთის მწერალთა კავშირის ცნობილი აფხაზი წევრებიც ცხოვრობდნენ. მიშა პირადად იცავდა მათ ძალადობისგან და საუკეთესო ურთიერთობა ჰქონდა აფხაზებთან. როდესაც აფხაზური შენაერთები შემოვიდნენ სოხუმში, ერთ-ერთი პირველი, ვინც დახვრიტეს, სწორედ მათი ქომაგი მიშა კოკაია იყო.

უფრო შორს რომ წავიდეთ, ომამდე ოჯახს ხშირად დავყავდი აფხაზეთში და მაშინვე თვალში საცემი იყო აფხაზების მტრული დამოკიდებულება ჩვენი — ქართველების მიმართ. მოზარდებს მარტო არსად გვიშვებდნენ, იმიტომ რომ ხშირი იყო ფიზიკური თავდასხმის შემთხვევები.

ჩემი ბოლო, ომამდელი გამოცდილება იყო 1991 წლის ზაფხულში, დასასვენებელ სახლ „ზოლოთოი ბერეგის“ სასადილოში, სადაც ჩემმა მეგობარმა უხარისხო კერძი გააპროტესტა, აფხაზმა მზარეულმა კი გვითხრა: „Собакам — собачья пища“.

ასე რომ, დღემდე აფხაზური საზოგადოება მთლიანად გამსჭვალულია ფაშისტური ტიპის, სხვა ერების აუტანლობის იდეოლოგიით და ეს ეხება არა მხოლოდ ქართველების მიმართ დამოკიდებულებას. უნდა გვახსოვდეს, რომ ომის დროს მათ ასევე გაყარეს 100 ათასზე მეტი ბერძენი, ებრაელი და ესტონელი, ხოლო ამ ბოლო დროს აქტიურად ავიწროებენ სომხებსაც, რომლებიც თავის დროზე მათ მხარეს იბრძოდნენ.

მე არ მაქვს არანაირი სიმპათია ასეთი ხალხის მიმართ. თანაც, ეს ხალხი აშკარად უუნაროა, განავითაროს ის ტერიტორია, რომელსაც მოაჯდა. სრულიად გაველურებული ადამიანთა ჯგუფი ტყუილად აცდენს ამ ოქროს მიწას — არც თვითონ ხეირობს და არც სხვა ახეირებს (შეადარეთ აბა ბათუმს).

განცხადება — „აფხაზეთის ტრავმა უნდა გადავლახოთ“ — იგივეა, დავით აღმაშენებელს, რომელსაც თბილისის აღებაზე 30 წელი დასჭირდა, რაღაც მომენტში ეთქვა: „თბილისის ტრავმა უნდა გადავლახოთო“, თბილისი არაბებისთვის დაეტოვებინა და სამუდამოდ გადართულიყო სხვა თემებზე.

გარდა იმისა, რომ პირადად მე აფხაზეთში მეძახის ჩემი სისხლი და ბაბუაჩემის — დომენტი ალასანიას სახლი ეშერაში, შევხედოთ სრულიად პრაგმატულად ამ საკითხს. გამოანგარიშებულია, რომ უახლოეს ათწლეულებში მსოფლიოს მოსახლეობის ნახევარზე მეტი იცხოვრებს ზღვის გასწვრივ, იმიტომ რომ იქ არის კომუნიკაცია და, შესაბამისად, განვითარება. დღეს ჩვენ ვაკონტროლებთ სარფიდან ანაკლიამდე ზღვის ზოლის 100 კილომეტრზე ნაკლებს, აფხაზეთი კი დამატებით 200 კილომეტრია.

ამას გარდა, სოხუმიდან ევროპამდე ფრენას 40 წუთით ნაკლები სჭირდება, ვიდრე თბილისიდან. აფხაზეთის დაბრუნება ნიშნავს საქართველოს ეკონომიკის ეგრევე, მინიმუმ გაორმაგებას, ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ აფხაზეთის სანაპიროსთან, ზღვის შელფზე დიდი ალბათობით არის ნავთობი — შემდგომში კიდევ რამდენჯერმე გაზრდას. და რას გვთავაზობთ, რომ ყველაფერ ამაზე უარი ვთქვათ და რუსებსა და აფხაზებს დავუტოვოთ?

ჩვენ რომ აჭარა რუსებისა და ადგილობრივი სეპარატისტი ფეოდალისგან არ გამოგვეგლიჯა 2004 წელს, დღეს უკვე ანალოგიურად ისაუბრებდა მავანი, რომ უნდა „გადავლახოთ აჭარის ტრავმა“.

არ ვიცი, ვინ რა აზრზეა, მაგრამ მე, მიხეილ სააკაშვილი, ვაპირებ სხვა პატრიოტებთან ერთად, იმპერიის დასუსტების პარალელურად, აფხაზეთის — კერძოდ საქართველოს ძირძველი გალის, ოჩამჩირის, ტყვარჩელის, გულრიფშის, სოხუმის, გუდაუთის, გაგრისა და კოდორის მიწების დაბრუნებას საქართველოს კონტროლქვეშ. და თუ ვინმეს იქ დარჩენილი მოსახლეობიდან ეს არ მოეწონება, მათ შეუძლიათ სხვა ქვეყნებში გადავიდნენ საცხოვრებლად. ზუსტად ასე ფიქრობენ ჩემი შვილები და, იმედია, თქვენი შვილები.

ჩვენ აღვადგენთ კონტროლს ყველა საჭირო საშუალების გამოყენებით. ის, რაც დღეს არის, დროებითი სიტუაციაა, განპირობებული რუსეთის იმპერიის გაგრძელებული აგონიით. ეს იმპერია მილევად რეჟიმშია და მას ნამდვილად არ უნდა გადავაყოლოთ ის, რაც კანონიერად ჩვენ გვეკუთვნის.

სომხეთთან და ყარაბაღთან შედარება ძალიან უადგილოა — იქ აზერბაიჯანმა დაიბრუნა ის ტერიტორია, რომელიც მას ეკუთვნოდა. ჩემი პრეზიდენტობის დროს მუდმივად ვსაუბრობდი აფხაზეთზე, ჭორვილის რეჟიმმა კი ამ თემას ტაბუ დაადო.

და ახლა კიდევ ერთხელ ყველამ უნდა წამოვუძახოთ, პირველ რიგში — საკუთარ თავს: აფხაზეთი საქართველოს ტერიტორიაა, რომელზეც კონტროლი დაკარგული გვაქვს მხოლოდ დროებით. როგორც აზერბაიჯანმა 34 წლის შემდეგ დაიბრუნა თავისი ტერიტორია, როგორც ხორვატიამ დაიბრუნა სპლიტი და სხვა ტერიტორიები, აუცილებლად აღვადგენთ ამ კონტროლს. ხოლო აფხაზეთის ჭრილობა ვერ მოშუშდება მანამ, სანამ ეს არ მოხდება.

მე, ჩემი მხრივ, ვაპირებ სოხუმი ბათუმზე ბევრად უკეთესად ავაშენო და განვავითარო. საერთოდ მიმაჩნია, რომ იქ უნდა იყოს საქართველოს დედაქალაქი — ევროპასთან და უკრაინასთან ახლოს. თბილისი ამავე დროს დარჩება საქართველოს უმნიშვნელოვანეს ქალაქად — რეალურად, კავკასიის დედაქალაქად.“ - წერს მიხეილ სააკაშვილი.

აღსანიშნავია, რომ ნიკა გვარამიამ ფაშინიანზე და ყარაბაღზე გაკეთებული განცხადებისას აღნიშნა, რომ ამ მაგალითს ქართულ-აფხაზურ საკითხთან კავშირი არ აქვს.

“ფაშინიანზე ჩემ მიერ ნათქვამი რომ აფხაზეთის პარალელად გამოაცხადა პროპაგანდამ, როცა იმავე ინტერვიუში ვამბობ, რომ ფაშინიანის და სომხეთის მაგალითს ქართულ-აფხაზურ საკითხთან კავშირი არ აქვს-თქო, ეგ ნამდვილად არ მიკვირს — პროპაგანდის საქმე ტყუილებია. სხვებისგან გამკვირვებია, ვინც ამას ამბობს: ნახეთ, მეგობრებო, ეთერი, უნახავად და მოყოლით კომენტარის თუ სტატუსის წერა არ გამიგია, მით უფრო — ასეთი მნიშვნელობის საკითხზე“. - დაწერა ნიკა გვარამიამ 17 აგვისტოს.

← მთავარი