წარმატებული ვაჟები, ქართული ინტერნტის ვარსკვლავი ალისა და ომის ალყაში მყოფი ჟასმინი - რას წერს უკრაინული გამოცემა მიხეილ სააკაშვილის შვილებზე?
პოპულარულმა უკრაინულმა ინტერნეტ-გამოცემა “გორდონმა“ გამოაქვეყნა სტატია, რომელიც დეტალურად მიმოიხილავს საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ექსპრეზიდენტის ოთხივე შვილის ცხოვრებას, მათ საქმიანობასა და მამასთან ურთიერთობას. მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ამჟამად რუსთავის №12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფება, ინტერვიუში განსაკუთრებული სიამაყით საუბრობს თავის ორ ვაჟსა და ორ ქალიშვილზე. მისი თქმით, შვილებისთვის მთავარი ღირებულება არა მატერიალური კეთილდღეობა, არამედ საზოგადოების სამსახურია.
ვაჟები - წარმატება ხელოვნურ ინტელექტის სფეროში და დამოუკიდებელი ცხოვრება აზიაში
მოგეხსენებათ, მიხეილ სააკაშვილს ნიდერლანდების მოქალაქე სანდრა რულოვსთან პირველი და ერთადერთი ქორწინებიდან ორი ვაჟი - ედუარდი (დაბადებული 1995 წელს) და ნიკოლოზი (დაბადებული 2005 წელს) ჰყავს. გამოცემა იხსენებს, რომ 2025 წლის თებერვალში მისთვის მიცემულ ინტერვიუში პოლიტიკოსმა გულახდილად ისაუბრა იმაზე, თუ რას საქმიანობენ მისი უფროსი შვილები:
ედუარდ სააკაშვილი - უფროსი ვაჟი დღესდღეობით ევროპაში ხელოვნური ინტელექტის ერთ-ერთ საუკეთესო და წამყვან სპეციალისტად ითვლება. იგი ამჟამად ნიდერლანდებში ცხოვრობს და იქ აგრძელებს თავის წარმატებულ პროფესიულ მოღვაწეობას. ნიკოლოზ სააკაშვილი - უმცროსმა ვაჟმა სკოლის დასრულებისთანავე დამოუკიდებლად დაიწყო ფულის გამომუშავება. მამამისის თქმით, ნიკოლოზი თავდაპირველად კურიერად მუშაობდა და პიცასა და სხვადასხვა საკვებს ატარებდა, რათა საკუთარი შემოსავალი ჰქონოდა. მოგვიანებით, მან იაპონიის საელჩოს გრანტი მოიპოვა, გაემგზავრა იაპონიაში, სადაც შეისწავლა ენა, ამჟამად კი ლაოსში იმყოფება და ლაოსურ ენას ეუფლება.მიხეილ სააკაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ შვილების მსოფლმხედველობაზე დიდი გავლენა იქონია მისმა აღზრდამ, თუმცა მათთვის ამჟამინდელი რეალობა ემოციურად მარტივი არ არის: “გარდა იმისა, რომ მათ საერთოდ არ აინტერესებთ ფული, ისინი თავიანთ მისიას საზოგადოების სამსახურში ხედავენ. ეს მე გადავეცი მათ. არ ვიცი, კარგია თუ ცუდი, რომ ფული საერთოდ არ აინტერესებთ, მაგრამ ასე გამოვიდა. ჩემი შვილების ცოტათი დემორალიზებას ახდენს ის, რომ საქართველოში მიღწეული წარმატებების მიუხედავად, ისინი ხედავენ, თუ როგორ ეპყრობა ჩემთან არსებული ოკუპაციური ხელისუფლება. მაგრამ ისინი გაუმკლავდებიან ამას. მათ ესმით, რატომ ხდება ეს ყველაფერი“, - აღნიშნა ექსპრეზიდენტმა გამოცემასთან.
უფროსი ქალიშვილი ელის-მარია - “ქართული ინტერნეტის ვარსკვლავი“
მიხეილ სააკაშვილმა უფროსი ქალიშვილის, ელის-მარიას არსებობის შესახებ საზოგადოებას პირველად 2021 წლის დეკემბერში აცნობა. გოგონას დედა ცნობილი ქართველი მომღერალი სოფო ნიჟარაძეა, რომელმაც ის 2020 წლის ზაფხულში გააჩინა.
სააკაშვილი შვილის ნიჭიერებითა და ხასიათით აღფრთოვანებულია: “უფროსი ქალიშვილი ალისია. ის ქართული ინტერნეტის ნამდვილი ვარსკვლავია და უკვე სამ ენაზე საუბრობს“, - სიამაყით ჰყვება პოლიტიკოსი. მისივე თქმით, გოგონა ძალიან მებრძოლი და პრინციპული იზრდება: “ის ყოველთვის ბოლომდე იცავს თავის უფლებებს და ებრძვის უსამართლობას. არის ძალიან, ძალიან ჭკვიანი“.
უმცროსი ქალიშვილი ჟასმინი - ცხოვრება ომის ალყაში მოქცეულ კიევში
მიხეილ სააკაშვილის უმცროსი ქალიშვილი, ჟასმინი, უკრაინაში ცხოვრობს. მისი დედა უკრაინის პარტია “ხალხის მსახურის“ სახალხო დეპუტატი ლიზა იასკოა. 2021 წლის 1-ელ ოქტომბერს, სააკაშვილის საქართველოში დაკავების დღეს, იასკომ გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც წყვილმა საჯაროდ აღიარა სიყვარული და პარტნიორობა. სააკაშვილმა მაშინ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისი ძველი ურთიერთობები დასრულებული იყო და მას ლიზასთან უკვე საერთო ოჯახი ჰქონდა. 2023 წლის ზაფხულში ლიზა იასკომ გაამჟღავნა, რომ სააკაშვილისგან ქალიშვილი შეეძინა, თუმცა ზუსტი თარიღი არ დაუკონკრეტებია. თავად სააკაშვილმა წერილში აღიარა, რომ თავისი უმცროსი შვილი, ჟასმინი, პირადად ჯერ კიდევ არ უნახავს.
ექსპრეზიდენტმა ინტერვიუში დიდი შეშფოთება გამოხატა იმ საფრთხეების გამო, რაც მის შვილსა და ლიზა იასკოს კიევში ემუქრებათ: “ჩემი ყველაზე უმცროსი ქალიშვილი ჟასმინკა კიევში, მრავალსართულიან კორპუსში ცხოვრობს. სამწუხაროდ, როდესაც საჰაერო განგაში ცხადდება, ის და დედამისი, ისევე როგორც უკრაინელების უმრავლესობა, ბომბსაფარში აღარ ჩადიან. ისინი უკვე მიეჩვივნენ ამ რეალობას. მე ძალიან განვიცდი და ვნერვიულობ ამის გამო“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინულ მედიასთან საუბრისას.