სააკაშვილი: „რუსების გააქტიურებისთანავე ქოცები გვერდზე გავწიოთ, პოლიტიკური პატიმრები გავათავისუფლოთ და დროებითი მთავრობა შევქმნათ”
„უძინარი ღამის შემდეგ ვწერ ამ პოსტს,” — ასე იწყება პატიმარი ყოფილი პრეზიდენტის ბოლო მიმართვა. გუშინ ევროკავშირმა უკრაინასთან და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებები გახსნა, ხოლო საქართველო — რომელიც სააკაშვილის სიტყვით, ამ ქვეყნების წინამძღვარი უნდა ყოფილიყო — გარიყულია.
„ჩემი პოლიტიკა რომ გაგრძელებულიყო, უკვე ევროკავშირის წევრი ვიქნებოდით. ივანიშვილის მიერ ევროპაზე უარის თქმამ, პირადი ფულისა და ხელისუფლების შენარჩუნების მოსაზრებებით, საქართველო სასიკვდილო საფრთხეში ჩააგდო,” — წერს სააკაშვილი.
რუსული საფრთხე
სააკაშვილი ასახელებს კონკრეტულ გეოპოლიტიკურ მოვლენებს: სომხეთ-აზერბაიჯანის ომის დამთავრება, „ჩრდილოეთის” სატრანზიტო დერეფნის სანქცირება, სომხეთში პუტინის სამხედრო ინტერვენციის სულ უფრო რეალური შესაძლებლობა. „ამ ოპერაციის ფარგლებში პუტინი საქართველოსაც დაიკავებს — ბრძოლის გარეშე, რის საფუძველიც ქოცებს დიდი ხანია მომზადებული აქვთ,” — ამბობს ის.
ორი სცენარი
ყოფილი პრეზიდენტის შეფასებით, საქართველოს ახლა ორი გამოსავალი რჩება. პირველი — „სასწრაფოდ” გაფორმდეს თავდაცვის პაქტი თურქეთთან და აზერბაიჯანთან. „დარწმუნებული ვარ, ჩვენი მეზობლები ამას დათანხმდებიან, მაგრამ არ დათანხმდება ივანიშვილი.”
მეორე — „ბოლო სცენარი”: „როგორც კი ჩვენს საზღვრებთან რუსების გააქტიურება დავინახავთ, სასწრაფოდ გავწიოთ გვერდზე ქოცები, გავათავისუფლოთ პოლიტიკური პატიმრები, შევქმნათ დროებითი მთავრობა და მოვუწოდოთ მეზობლებს და ევროპას დახმარებისკენ.”
მოწოდება
„ამ სცენარისთვის უნდა ვემზადებოდეთ ახლა ყველა სათითაოდ და ერთად — და არა მითური არჩევნებისთვის, არსებულ პარლამენტში შესვლისთვის ან სხვა მსგავსი მავნებლობისთვის,” — ასკვნის სააკაშვილი.
ევროკავშირმა საქართველოს გაწევრიანების პროცესი ფაქტობრივად გაყინა; ბოლო კვირებში ამერიკის კონგრესმა NDAA-ს პროექტში საქართველოსთვის კრიტიკული შესწორებები შეიტანა; ქვეყანამ უვიზო დიალოგი ევროკავშირთან 11 ივნისს უნდა გამართოს.