← მთავარი
პოლიტიკა

სააკაშვილი: ლევანს ინგლისურს უწუნებდნენ, მოვიყვანეთ თინა და „სვეცკებმა“ ხმა მაინც არ მოგვცეს

30 ივნისი, 2026 · წყარო: radiotavisupleba.ge
სააკაშვილი: ლევანს ინგლისურს უწუნებდნენ, მოვიყვანეთ თინა და „სვეცკებმა“ ხმა მაინც არ მოგვცეს

„TV პირველთან“ წერილობით ინტერვიუში მან ისაუბრა რა ხდებოდა ნიკა მელიას თავმჯდომარეობიდან თინა ბოკუჩავას არჩევამდე.

სააკაშვილი ამბობს, რომ მელიას წინააღმდეგ მისი თანაგუნდელების გამოსვლა მისთვის მოულოდნელი იყო, ნეიტრალური პოზიცია დიჭირა, თუმცა მოგვიანებით „აღიარა“, რომ ეს იყო „პარტიის უმრავლესობის სწორი გადაწყვეტილება“. თავმჯდომარის იმ არჩევნებში მელია დამარცხდა, მის ნაცვლად ეს თანამდებობა ლევან ხაბეიშვილმა დაიკავა.

„რაც შეეხება ლევან ხაბეიშვილს. მისი არჩევნების წინ შეცვლა იყო ჩვენი რეაგირება იმაზე, რომ მთელი „სვეცკი ბაბლი“ დაირაზმა ლევანის წინააღმდეგ, ჩვენ კი ვერ ვასწრებდით მის სწორად წარმოჩენას. უწუნებდნენ ინგლისურის არცოდნას, ჩვეულებრივ ადმიანის ენით საუბარს, ხან რას, ხან - რას.

ხოდა, ჩვენც მოვიყვანეთ უცხო ენების მცოდნე, ევროპასა და ამერიკაში განათლებამიღებული თინა, და „სვეცკებმა“ ხმა მაინც არ მოგვცეს“, - აცხადებს სააკაშვილი და დასძენს, რომ ივლისში, მას შემდეგ, რაც ბოკუჩავას უფლებამოსილების ვადა ამოეწურება, „ყველა ვარიანტში სხვა უნდა აგვერჩია“.

ბოლო წლებში როგორ იცვლებოდნენ თავმჯდომარეები „ნაციონალურ მოძრაობაში“

2020 წლის 15 დეკემბერს, საპარლამენტო არჩევნებიდან რამდენიმე თვეში, „ნაციონალური მოძრაობა“ და თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა გრიგოლ ვაშაძემ, რომელიც ამ პოსტს 2017 წლიდან იკავებდა;

2020 წლის 27 დეკემბერს პარტიის თავმჯდომარე ხმების 64%-ით ნიკა მელია გახდა;

2022 წლის 9 ნოემბერს პრეზიდენტის ბიბლიოთეკაში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრების ერთმა ჯგუფმა ბრიფინგი გამართა და პარტიის სამდივნოს, პოლიტსაბჭოსა და თავმჯდომარის არჩევნების ჩატარება მოითხოვა. მელია ამ მოთხოვნას დათანხმდა.

2023 წლის 30 იანვარს „ნაციონალურ მოძრაობაში“ ჩატარებულ არჩევნებში ლევან ხაბეიშვილმა გაიმარჯვა, მისმა კონკურენტმა ნიკა მელიამ ხმების 40% მიიღო;

ლევან ხაბეიშვილი თანამდებობიდან 2024 წლის 8 ივნისს გადადგა და ამის მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელა, თუმცა ის აქტიურ პოლიტიკაში დარჩა და „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდოამრედაც აირჩიეს;

2024 წლის 8 ივნისს პარტიის თავმჯდოამრედ თინა ბოკუჩავა აირჩიეს;

10 ივნისს პატიმრობაში მყოფი მეხუთე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ დამფუძნებელია, თქვა, რომ მათ ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი უერთდებოდა;

ჟორჟოლიანმა მალევე თქვა, რომ მას სააკაშვილმა თავმჯდოამრეობა შესთავზა, რასაც არ დასთანხმდა;

16 ივნისს ბოკუჩავამ პოლიტიკური ჭორაობა უწოდა ჟორჟოლიანისთვის ენმ-ს თავმჯდომარეობის შეთავაზებას;

მეორე დღეს, 17 ივნისს სააკაშვილმა თქვა, რომ თავმჯდომარის თანამდებობაზე მისი კანდიდატი ჟორჟოლიანია.

← მთავარი