← მთავარი
პოლიტიკა

მიხეილ სააკაშვილმა ენმ-დან გასული ჯგუფები "პოლიტიკურ კორუფციაში" დაადანაშაულა - სააკაშვილის ბრალდებებს ნიკა გვარამიამ უპასუხა

20 აგვისტო, 2026 · წყარო: newposts.ge
მიხეილ სააკაშვილმა ენმ-დან გასული ჯგუფები

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში ვრცელი განცხადება გამოაქვეყნა, სადაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ (ენმ) სხვადასხვა დროს გასული ჯგუფები „პოლიტიკურ კორუფციასა“ და ფულის აღებაში დაადანაშაულა. სააკაშვილის ბრალდებებს მკაცრად უპასუხა „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ.

მიხეილ სააკაშვილმა გავრცელებულ განცხადებაში, სადაც ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილისა და “ქართული ოცნების” გარშემო განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა, ყოფილი თანაგუნდელებიც გააკრიტიკა:

„ფართოდ განვითარდა პოლიტიკური კორუფცია. ენმ-ს ზედიზედ 3 ჯგუფი გამოეყო მიზეზების დასახელების გარეშე და, როგორც ახლა ყველამ იცის, ამაში გადახდილი იყო დიდი ფული…

ამავე დროს, გრძელდება პოლიტიკაში ფულით ჩარევა. საბანკო მაფიის თვალსაჩინო წარმომადგენლების, გილაურების ხელით ფული მისცეს პოლიტიკოსებს „ნაცმოძრაობის“ დასაშლელად და ახალი პოლიტიკური ძალის შესაქმნელად. „არჩევნების“ შემდეგ იგივე გილაურმა მოსთხოვა ამ ცალკეულ პოლიტიკოსებს გაყალბების აღიარება და პარლამენტში შესვლა, რაზეც ეს უკანასკნელები, პოლიტიკური გაფარჩაკების შიშით, არ დათანხმდნენ. ივანიშვილმა მაფიოზურად ჩათვალა, რომ ის გადააგდეს და ყველა დაიჭირა. კარგი გაკვეთილია, თუ რამდენად საშიშია მაფიისგან ფულის აღება“, - დაწერა სააკაშვილმა.

ნიკა გვარამიას განცხადებით, სააკაშვილმა „ათასი ტყუილი იკადრა“, როდესაც ყველას გაყიდულები, ბიძინა ივანიშვილთან შეთანხმებულები ან შიშით დადუმებულები უწოდა.

„ასეთებად გამოაცხადა, მაგალითად, პოლიტპატიმარი გიორგი ჩიკვაიძე და, რა თქმა უნდა, „კოალიცია ცვლილებისთვის“, რომელიც ბოლო პერიოდში მისი აგრესიის მთავარი სამიზნეა, „რატომღაც“.

ტრადიციულად, ისევ გილაურების ფულზე ილაპარაკა გაიაგოხვიჩიებულმა პოლიტპატიმარმა. ოღონდ ამჯერად დაამატა, რომ თურმე ჩვენ პარლამენტში არ შევედით, იმიტომ რომ პოლიტიკური გაფარჩაკების შეგვეშინდა. ამ დროს, პირველები ვიყავით და ტონის მიმცემები პარლამენტის მანდატებზე უარის თქმის. მოიკითხოს საკუთარ პარტიაში, რა ხდებოდა მაგ საკითხთან დაკავშირებით.

სააკაშვილის განცხადებით, იმიტომ დაგვიჭირეს მე, ნიკა, ზურა და ელენე, რომ ბიძინა გადავაგდეთ (ანუ ბიძინასთან შეთანხმება დავარღვიეთ). ჩვენ რატომ დაგვიჭირეს, ამაზე ასეთი სამარცხვინო შეფასება ჯერ არავის უკადრია — სააკაშვილმა იკადრა. ამიტომაც იმსახურებს პასუხს. ალბათ ბევრად უარესს, მაგრამ საკუთარ თავსა და ჩემს მეგობრებს ვცემ პატივს და ამით შემოვიფარგლები.

სამარცხვინოა ეს ყველაფერი და ამიტომაც ვუსვამ წერტილს. ტალახში გორიალი სააკაშვილის არჩევანია და მასთან ერთად მე არ ვაპირებ ამ ჭუჭყის ზელას, სეირის მაყურებლების გართობასა და ქოცების გახარებას. უპასუხისმგებლობისა და არასერიოზულობის დრო მას თუ აქვს, მე ამის არც უფლებას და არც საშუალებას საკუთარ თავს არ მივცემ. მორალურ შეფასებებზე არ გადავალ: არ მიმაჩნია არც სწორად და არც საჭიროდ“, - განაცხადა გვარამიამ.

წლების განმავლობაში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დატოვეს პოლიტიკოსებმა, რომლებმაც მოგვიანებით სხვადასხვა პოლიტიკური გაერთიანება დააფუძნეს, მათ შორის: „გირჩი“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ევროპული საქართველო“, „ახალი“ და ა.შ. მიხეილ სააკაშვილი ყოფილ თანაგუნდელებს პერიოდულად ხან თანამშრომლობასა და გაერთიანებას სთავაზობს, ხან კი მკვეთრად აკრიტიკებს და უპირისპირდება.

← მთავარი