სააკაშვილი: 26 მაისი ეროვნული დროშის გარშემო გაერთიანებისა და მდგრადი საპროტესტო ფრონტის დღე უნდა გახდეს
„26 მაისის აქციაზე ჩვენ უნდა გავერთიანდეთ არა პარტიული ლოზუნგების, არამედ ჩვენი ხუთჯვრიანი ეროვნული დროშის გარშემო, რომელიც კიდევ ერთხელ უნდა გახდეს ჩვენი წინააღმდეგობის სიმბოლო,” — წერს სოციალურ ქსელში საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.
სააკაშვილი ხუთჯვრიანი დროშის ისტორიულ მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას: „ზოგი ამ დროშას „მიშას დროშას” უწოდებს — ეს არ არის სწორი. სინამდვილეში ეს ჩვენი ისტორიული დავითიანი დროშაა, რომელთან ერთადაც გავიმარჯვეთ ვარდების რევოლუციაში, 2008 წელს შევაჩერეთ რუსეთი. ამ დროშამ საქართველო თანამედროვე სამყაროს გააცნო.”
სააკაშვილი ოპოზიციის ალიანსის წევრ ლევან ხაბეიშვილის მიმართვას ეხმიანება და ოპოზიციას შეტევაზე გადასვლისკენ მოუწოდებს:
„26 მაისი ყველამ უნდა აღვნიშნოთ, მაგრამ ეს არ უნდა იყოს ცალკე ეპიზოდური აქცია — უნდა გადაიზარდოს თანმიმდევრულ საპროტესტო გაშლილ ფრონტში, საქართველოს გასათავისუფლებლად. ამ ქრისტიანული დროშით ბოლომდე უნდა დავმკვიდრდეთ ევროპაში.”