← მთავარი
სამართალი

სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე ბრალდებული 20 კაციდან ერთი ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილეა

26 ივნისი, 2026 · წყარო: radiotavisupleba.ge
სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე ბრალდებული 20 კაციდან ერთი ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილეა

ინფორმაცია ირაკლი მხეიძის დაკავების შესახებ 25 ივნისს გაავრცელა “ტვ პირველმა” - ტელევიზიისთვის ეს ამბავი ცნობილი გახდა ამ საქმეზე ჩატარებულ სასამართლო სხდომაზე.”ირაკლი მხეიძეს გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების პირადი გამორჩენის მიზნით და საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ გამოყენებას ედავება”, – იუწყება ტელევიზია.საქმის პროკურორის, გრიგოლ ნიშნიანიძის განმარტებით, ყოფილი საჯარო მოხელე დანაშაულებრივ ჯგუფს უწყობდა ხელს ფსიქოტროპული მედიკამენტების უკანონო რეალიზაციაში.“ბრალდება წარედგინა 332-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას პირადი გამორჩენის მიზნით და საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ. დანაშაულებრივი ჯგუფის საქმიანობიდან და სპეციფიკიდან გამომდინარე, მათ ხელს უწყობდა ფსიქოტროპული მედიკამენტების უკანონო რეალიზაციაში და არ ახორციელებდა შესაბამის სამართალდარღვევებზე შესაბამის რეაგირებას”, – უთხრა გრიგალაშვილმა ჟურნალისტებს სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ. სხდომაზე სასამართლომ ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.პროკურორს არ გამოურიცხავს ბრალდებულთა წრის გაფართოება ამ საქმეზე, რომელსაც უკვე 20 ბრალდებული ჰყავს.როგორც რადიო თავისუფლებას უთხრა დაკავებული ყოფილი ჩინოვნიკის ადვოკატმა ვახტანგ კვიჭინაძემ, მხეიძე დაკავებამდე გამოძიებას არ დაუკითხავს, დანაშაული კი, რასაც ედავებიან, არის კონკრეტული წერილის რეაგირების გარეშე დატოვება სამი წლის წინ, როცა ის სააგენტოს ახალდანიშნული ხელმძღვანელი იყო.”საქმის მასალები არის 128 ტომი. გუშინ სასამართლო სხდომამდე სულ 4 საათი გვქონდა, რომ ამ მასალებს გავცნობოდით - ამ ვადაში ეს შეუძლებელია. ვნახავთ ყველაფერს და გვექნება შესაბამისი რეაგირება. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი დაკავების შემდეგ იზოლატორში მოვინახულე - ამბობს, რომ დაკავებულებიდან თითქმის არავის იცნობს”, - გვითხრა მხეიძის ადვოკატმა.სააფთიაქო ნარკომანიის შესახებ გამოძიების შესახებ ინფორმაცია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა 24 ივნისს სპეციალურად ამ თემაზე გამართულ ბრიფინგზე გაავრცელა. მაშინ ითქვა, რომ დაკავებულია 17 ბრალდებული, სამზე ძებნაა გამოცხადებული, კიდევ 11 ადამიანს კი დაკავების გარეშე წარედგინა ბრალდება - ეს არიან ისინი, ვინც გამოძიებასთან ითანამშრომლა და “ხელი შეუწყო მასშტაბური დანაშაულებრივი სქემის გამოვლენას”. სისხლისსამართლებრივი დევნა დაწყებულია 24 კომპანიის მიმართაც - ის უძრავი და მოძრავი ქონება კი, რაც ბრალდებულებმა, გამოძიების ვერსიით, უკანონო საქმიანობის შედეგად მიღებული მოგებით მოიპოვეს, დაყადაღებულია.”გამოძიების ამ ეტაპზე დადგენილია, რომ ფსიქოტროპული მედიკამენტებით უკანონო ვაჭრობის შედეგად მიღებულმა შემოსავალმა 53 833 723 ლარი შეადგინა. უკანონო შემოსავლებისთვის კანონიერი სახის მისაცემად, თანხების მნიშვნელოვანი ნაწილი ფორმდებოდა ხელფასისა და დივიდენდის სახით.დანაშაულებრივი საქმიანობის დასაფარად, იმპორტიორი კომპანიებიდან მედიკამენტები დოკუმენტურად ფორმდებოდა ფიქციური ფარმაცევტული კომპანიების სახელზე, რომლებიც წინასწარ იყო რეგისტრირებული მათთან დაკავშირებულ პირებზე. რეალურად კი, აღნიშნული მედიკამენტები ყოველგვარი რეცეპტისა და შესაბამისი ნებართვის გარეშე, მაღალი ფასნამატით იყიდებოდა მთელი ქვეყნის მასშტაბით, ისეთ ობიექტებში, რომლებსაც აფთიაქის სტატუსიც კი არ გააჩნდათ”, - ასეთია ამ საქმეზე გამოძიების ვერსია, რომლის თანახმადაც, „ფართომასშტაბიანი ქსელი“ „ქვეყანაში 2018–2025 წლებში მოქმედებდა“.ცნობილია, რომ ამავე საქმეზე კიდევ ერთი ბრალდებული არის ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის მეგობარი, მიხეილ ჩოხელი.ჩოხელი, აშშ-ისა და ბრიტანეთის მიერ რუსეთის ინტერესების გატარების ბრალდებით სანქცირებული ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის მსგავსად, საქართველოში არ იმყოფება და ერთ-ერთია იმ სამ ბრალდებულს შორის, რომელთაც პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდათ.

ასევე ნახეთ

ფარცხალაძის მეგობარ ჩოხელს ბრალი დაუსწრებლად წაუყენეს „სააფთიაქო ნარკომანიის“ საქმეზე

← მთავარი