რიუტე აცხადებს ნატოს ყველაზე მასშტაბურ ტრანსფორმაციაზე ალიანსის ისტორიაში
ნატოს მის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ტრანსფორმაცია მოელის - აცხადებს ალიანსის გენერალური მდივანი, მარკ რიუტე. “ნატო გადის კოლოსალურ ტრანსფორმაციას, შესაძლოა, ყველაზე მასშტაბურ ტრანსფორმაციას მის ისტორიაში. ჩვენ უნდა ავაშენოთ ნატო 8.0” - თქვა რიუტემ ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოების თავდაცვის მინისტრების შეხვედრის შედეგებზე დაყრდნობით. რიუტემ ამ განცხადებით უპასუხა აშშ-ის თავდაცვის მინისტრს, პიტ ჰეგსეთს - რომ ვაშინგტონი გააგრძელებს ევროპაში თავისი სამხედრო წარმომადგენლობის შემცირებას, ხოლო კონტინენტის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში აშშ-ის მონაწილეობის გაგრძელება დამოკიდებული იქნება ევროპელი მოკავშირეების შენატანზე. რიუტეს სიტყვებით, ევროპის ქვეყნებს წინ “უზარმაზარი ძალისხმევა” მოელით. რიუტე აღნიშნავს, რომ ნატოს ევროპელმა წევრებმა და კანადამ 2025 წელს თავდაცვის ხარჯები 139 მილიარდი დოლარით გაზარდეს წინა წელთან შედარებით. ჰეგსეთი მანამდე აცხადებდა, რომ ნატო უნდა დაუბრუნდეს სრულფასოვანი საბრძოლო კავშირის როლს და მან დამოუკიდებლად უნდა შეძლოს ევროპის თავდაცვის უზრუნველყოფა. პენტაგონის ხელმძღვანელის სიტყვებით, აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან და რიუტესთან ერთად შემუშავების პროცესშია კონცეფცია “ნატო 3.0”, რომელმაც უნდა გაითვალისწინოს უსაფრთხოების სფეროში ცივი ომის დასრულების შემდეგ მომხდარი ცვლილებები. ჰეგსეთმა ასევე განაცხადა, რომ აშშ გააგრძელებს მოკავშირეებისგან თავდაცვის ხარჯების ზრდაზე მუშაობას. მისი თქმით, ვაშინგტონი გეგმავს 2027 წლისთვის თავდაცვაზე გამოყოს ერთნახევარი ტრილიონი დოლარი.ამ განცხადებების ფონია ცნობები, რომ აშშ გეგმავს დააჩქაროს ევროპაში სამხედრო წარმომადგენლობის შემცირება და მოკავშირეებს გადასცეს უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობის დიდი წილი. 2025 წელს ნატოს წევრი სახელმწიფოები შეთანხმდნენ, რომ იმუშავებენ 2035 წლისთვის თავდაცვის ხარჯების მთლიანი შიდა პროდუქტის 5 პროცენტამდე გაზრდაზე.
ასევე ნახეთ
შეერთებულმა შტატებმა შეამცირა ევროპაში ამერიკული საბრძოლო ბრიგადების რიცხვი