ევროპის ბიბლიოთეკებიდან იშვიათი რუსული წიგნების მოპარვისთვის 6 ქართველს პატიმრობა მიუსაჯეს
საფრანგეთის სასამართლომ ე.წ. “ოპერაცია პუშკინის” საქმის ფარგლებში საქართველოს ექვს მოქალაქეს 7 წლამდე პატიმრობა მიუსაჯა ბოლო წლებში ევროპის მასშტაბით ბიბლიოთეკებიდან იშვიათი რუსული ლიტერატურული ნაწარმოებების მოპარვისთვის, რასაც პოტენციურად რუსეთთან დაკავშირებული ორგანიზებული ქსელის ოპერაციად მიიჩნევენ.
ფრანგული მედიის ინფორმაციით, ქურდებმა ბიბლიოთეკებიდან ჯამში მილიონების ღირებულების ნაწარმოებები მოიპარეს, მათ შორის, მე-19 საუკუნის რუსი მწერლების – პუშკინის, გოგოლისა და ლერმონტოვის – წიგნებიც.
საფრანგეთის სასამართლომ ექვსივე ბრალდებული – ხუთი კაცი და ერთი ქალი – დამნაშავედ ცნო. მათგან ორს სასჯელი დაუსწრებლად მიუსაჯეს, ვინაიდან ისინი საქართველოში უკვე დააკავეს და საქართველო საკუთარი მოქალაქეების ექსტრადირებას არ ახდენს.
განაჩენის გამოტანამდე პროკურატურა ხაზს უსვამდა, რომ ბრალდებულების მიერ მოწყობილი ქურდობები იყო “მასობრივი, ორგანიზებული, დაგეგმილი და შესრულებული იყო ზედმიწევნითა და ცინიზმით”.
ქურდობების გამო, რომელიც საფრანგეთის გარდა გერმანიის, შვეიცარიისადა ჩეხეთის ტერიტორიებზეც მოხდა, ევროკავშირის იუსტიციის ერთიანი სააგენტოსა (Eurojust) და ევროკავშირის პოლიციის (Europol) თანამშრომლობით ერთობლივი გამოძიება დაიწყო, რასაც 2024 წელს ეჭვმიტანილების დაკავება მოჰყვა.