რუსული დასაქმების საიტი მოსკოვის დასაცავად დრონების ოპერატორის ვაკანსიას აცხადებს
რუსეთის უდიდესი დასაქმების საიტი HeadHunter მოსკოვის ცის დასაცავად დრონების ოპერატორის ვაკანსიას აცხადებს, გამოცდილების გარეშე.
გამოცემა Reuters-ის ცნობით, ონლაინ განცხადებაში ნათქვამია, რომ კანდიდატებს ეძებენ მოხალისეთა ერთ-ერთი დანაყოფისთვის, რომლის ამოცანა თანამედროვე ტექნიკური საშუალებებისა და სათვალთვალო სისტემების გამოყენებით, მოსკოვის უსაფრთხოების უზრუნველყოფაა.
“თქვენ იმუშავებთ მაღალტექნოლოგიური აღჭურვილობით, რომელიც ურბანული გარემოს დასაცავადაა შექმნილი”. - წერია განცხადებაში, გამოცემის ცნობით.
სამუშაოს აღწერა მოიცავს გაფრენამდე დრონების მომზადებასა და მათ გამოყენებას, სადაზვერვო მისიების განხორციელებასა და მონაცემთა ნაკრებების შესაგროვებლად ფრენების შესრულებას დღისითაც და ღამითაც.
განცხადების მიხედვით, კანდიდატებს მხოლოდ “ძირითადი ტექნიკური უნარები” და სფეროში განვითარების სურვილი ესაჭიროებათ - დასაქმების შემთხვევაში კი მათი ანაზღაურება თვეში 150 000 რუბლიდან დაიწყება, რაც მოსკოვში საშუალო ხელფასზე დაბალია.
Reuters-ის ცნობით, მათ ვერ დაადგინეს, ეს ვაკანსია პირველად როდის გამოქვეყნდა, თუმცა, მათივე ინფორმაციით, ის 1-ელ ივლისს განახლდა.