რუსთავში სამარშრუტო მიკროავტობუსის ქურდობის მცდელობის ფაქტზე 2 პირი დააკავეს
რუსთავში ორი პირი დააკავეს, რომლებმაც სამარშუტო მიკროავტობუსის მოპარვა სცადეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. სამართალდამცავებმა ისინი დანაშაულის ადგილზე აიყვანეს. უწყების ინფორმაციით, დაკავებულები წარსულშიც ანალოგიური დანაშაულისთვის იყვნენ ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფებიან. მათ 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ქურდობის მცდელობის ბრალდებით, წარსულში ამავე დანაშაულისთვის ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი 2 პირი დააკავეს.
ბრალდებულები, რუსთავში, მოქალაქის კუთვნილი სამარშუტო მიკროავტობუსიდან ნივთების მოპარვას ცდილობდნენ. ოპერატიული რეაგირების შედეგად, სამართალდამცველებმა ორივე მათგანი დანაშაულის ჩადენის ადგილზე დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-177 მუხლით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”, — აღნიშნულია უწყების განცხადებაში.