რუსთავის მერია „თეატრ ბრავოს” სივრცეს ართმევს
რუსთავის „თეატრ ბრავო” 2009 წლიდან მუშაობს. 2010 წლიდან ის მუნიციპალური შენობის 1800 კვ.მ სივრცეს იჯარით იყენებს, რომელიც საკუთარი სახსრებით გადააქცია სამუშაო სივრცეებად. ყოველთვიური გადასახადი 500 ლარი იყო.
ამ წლის 20 აპრილს ხელშეკრულების ვადა ამოიწურა. თეატრის შემოქმედებითი მენეჯერის, გეგი ლიპარტელიანის, სიტყვებით, ისინი ერთი თვით ადრე მიმართეს მუნიციპალიტეტს კონტრაქტის განახლებით, ოღონდ დამატებით შენობის ფასადის მოწესრიგება და ცენტრალური გათბობის დამონტაჟებაც შესთავაზეს. პასუხი არ მიუღიათ.
„ხელშეკრულების ვადის ამოწურვის მეორე დღეს, 21 აპრილს, მუნიციპალიტეტმა წერილი გამოგვიგზავნა და სივრცის დატოვება მოგვთხოვა. შემდეგ, სპექტაკლის პრემიერის წინ, „ენერგო-პრო ჯორჯიამ” ელექტროენერგია გათიშა — დავალიანება კი არ გვქონია”, — ამბობს ლიპარტელიანი.
22 მაისს რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე თეატრის თანამშრომლებს და მშობლებს შეხვდა. მისი განმარტებით, შენობის გადაცემის მოტივი ან რეაბილიტაცია იყო, ან ბავშვებისთვის უფასო სერვისის შეთავაზება. ერთ-ერთ თანამშრომელმა პასუხად მიუთითა, რომ „ძალიან ბევრი ბავშვი მიგვიღია, ვის ოჯახსაც არ ჰქონია ფინანსური საშუალება”. მერმა კომენტარი გააკეთა: „ამას ისე ნუ შევრაცხავთ, რომ ეს დიდი გმირობაა”.
„იმედით მოვედით აქ, რომ ადამიანურად დაგვხვდებოდით და ამდენი ბავშვის ინტერესებს დაიცავდით”, — უთხრა შეხვედრაზე ერთ-ერთმა მშობელმა.
შეხვედრის შემდეგ მერიამ ფეისბუქზე განაცხადა, რომ „თეატრ ბრავოს” სთავაზობს „რუსთავის მუნიციპალური პროფესიული დრამატული თეატრის მცირე სცენას”, ხოლო სექტემბრიდან — კულტურის სახლის ახალ შენობაში გადასვლის შესაძლებლობას.
გეგი ლიპარტელიანს კითხვა უჩნდება: თუ შენობის უსაფრთხოება პრობლემაა, რატომ არ დაიწყო იგივე პროცესი მეზობელ, ასევე სარეაბილიტაციო შენობებში? თეატრი მზადაა შენობის გამყარებასა და ფასადის მოწესრიგებაში ჩაებას, ასევე — სხვა ანსამბლებს სივრცე გაუყოს. მერიასთან მოლაპარაკება გრძელდება.