16 წლის მოზარდმა სექსუალური ძალადობისგან თავდაცვისას 40 წლის მამაკაცი მოკლა
რუსთავის გარეჯის ქუჩაზე 16 წლის მოზარდმა 40 წლის მამაკაცი ცივი იარაღით მოკლა. ბიჭი პოლიციას თვითონ ჩაბარდა. გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით — განზრახი მკვლელობა — მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ოჯახის ცნობით, მოკლული მამაკაცი ორი დღის წინ ჩამოვიდა აზერბაიჯანიდან და ადგილობრივ სამშენებლო სამუშაოებს ასრულებდა. მან მოზარდს ანაზღაურების სანაცვლოდ დახმარება შესთავაზა — სოფელ ქესალოში ერთად წავიდნენ. სამუშაოს დასრულების შემდეგ კაცმა ბიჭი სადილობად მიიწვია თავის ქირავნულ ბინაში, რუსთავში.
ბინაში, ოჯახის განმარტებით, კარი ჩაუკეტა და სექსუალური ძალადობა სცადა. „კარები გადაუკეტავს და დაუწყია ძალადობა — ტანსაცმელს ხდიდა და ეჯაჯგურებოდა. სამზარეულოში ყოფილან; ბავშვს დანა დაუნახავს, აუღია და თავდაცვის მიზნით გამოუყენებია. მაინც არ ანებებდა თავს, დაჭრილიც კი განაგრძობდა,” — ჰყვება ახლობელი.
„ამ კაცს არავინ იცნობდა. 2 დღის ჩამოსული იყო აზერბაიჯანიდან. პედოფილია — სხვანაირად ამას ვერ დავარქმევ,” — დასძინა მან.
ოჯახი ითხოვს, მოზარდს წინასწარი პატიმრობა არ შეეფარდოს, რადგან მათი შვილი, მათი განცხადებით, მხოლოდ თავს იცავდა.