VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-2 რუსთავი. სუპერგოლით და "ქამბექით" მოპოვებული ლიდერობა, დემჩენკოს ჩამწარებული დებიუტი...
ლიდერთა ცენტრალურ დაპირისპირებაში მოხდა სამი მნიშვნელოვანი რამ - 1) შედგა ანდრიი დემჩენკოს დებიუტი “იბერიის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე; 2) გამარჯვების გოლი გამოვიდა ზღაპრული - ვაჟა ფაცაციამ საკუთარი ნახევრიდან “პარაშუტით” ჩაუშვა ბურთი მასპინძელთა კარში; და 3) “ქამბექით” შეიცვალა ლიდერი. ამ 3 ქულით “რუსთავმა” გადაუსწრო მეტოქეს და პირველ ადგილზე მოკალათდა. გუნდი, რომელიც ამ სეზონში დაუბრუნდა უმაღლეს ლიგას, ტურნირის ნამდვილი აღმოჩენაა. შესაძლოა, გია ცეცაძე კიდევ ერთხელ თვის საუკეთესო მწვრთნელი. რაც შეეხება ფაცაციას გოლს, ამ შემთხვევაში “იბერიის” მეკარე მეგრელიშვილს მეტი ყურადღებით მართებდა ყოფნა. თუმცა ეს არასდიდებით არ აფერმკრთალებს ფაცაციას შედევრს. ისე, მსგავსი გოლები ფაცაციებს ოჯახურ ტრადიციად იქცა. გაგახსენებთ, რომ ორი წლის წინ სეზონის საუკეთესო გოლად დასახელდა ვაჟა ფაცაციას ძმის, ცოტნე ფაცაციას (რომელიც ახლა “მეშახტეში” თამაშობს) მიერ ბათუმის “დინამოს” შემადგენლობაში ლამის ცენტრიდან გატანილი გოლი… და ბოლოს - წარუმატებელი გამოდგა ანდრიი დემჩენკოს დებიუტი “იბერიის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე. რა თქმა უნდა, უკრაინელის ბრალეულობა ამაში მინიმალურია. მან გუნდს მხოლოდ ერთი ვარჯიში ჩაუტარა. თუმცა დემჩენკოს მაინც ცაიტნოტში უწევს მუშაობა. ევროთასები კარსაა მომდგარი… იბერია 1999-რუსთავი 1:2 1:0 ძაგანია (42), 1:1 ოსეი (61), 1:2 ფაცაცია (90) იბერია: მეგრელიშვილი, ზოური, ამისულაშვილი, სელიმოვიჩი, ჯინჯოლავა (ქობულაძე 56), დადიანი, ქარდავა, ბართიშვილი (კუცია 74), ღუდუშაური (ხაჩიძე 88), ბედოშვილი (ნაჭყებია 74), ძაგანია (გოშთელიანი 88) რუსთავი: ბერუაშვილი, კაპანაძე, ოლივეირა, ფაცაცია, ჩიქოვანი (დობრანსკი 83), ნაკანო, გუჯაბიძე, სეიხასი (უბილავა 46), დე ალმეიდა (ნ. ქუთათელაძე 70), კესი (ანდღულაძე 76), ოსეი (ჯიბრილი 83) არბიტრი: გოგა კიკაჩეიშვილითეგები:რუსთავიეროვნული ლიგაიბერია 1999ანდრიი დემჩენკო(0) / (0)