← მთავარი
სამართალი

რუსთავში ჩხუბისას კაცი წაიქცა, თავი დაიზიანა და დაიღუპა — შსს-მ კიდევ 4 პირი დააკავა

11 ივნისი, 2026 · წყარო: tabula.ge
რუსთავში ჩხუბისას კაცი წაიქცა, თავი დაიზიანა და დაიღუპა — შსს-მ კიდევ 4 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა რუსთავში მომხდარ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტთან დაკავშირებით, რამაც ადამიანის სიკვდილი გამოიწვია, ძალადობის ბრალდებით კიდევ ოთხი პირი დააკავეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა იძალადა მამაკაცზე. დაპირისპირებისას მამაკაცი წაიქცა და თავის არეში დაზიანება მიიღო. მიღებული დაზიანების შედეგად იგი შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა. პოლიციამ ცხელ კვალზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ერთი პირი დააკავა.

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულის თანმხლებმა პირებმა ფიზიკურად იძალადეს გარდაცვლილის მეგობრებზე. სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში სამართალდამცველებმა ოთხივე მათგანი ბრალდებულის სახით დააკავეს”, — ნათქვამია უწყების განცხადებაში.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 126-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

← მთავარი