რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციას "სმარტ სოლუშენსი" განახორციელებს, რომლის მფლობელიც "ოცნების" დეპუტატ ბექა ოდიშარიას ენათესავება
რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის ტენდერი ქართული ოცნების დეპუტატის, ბექა ოდიშარიას ქვისლმა, ლევან გოგსაძის კომპანია მოიგო. “სმარტ სოლუშენსი” თბილისის ცენტრალური გამზირის რეაბილიტაციისთვის ბიუჯეტიდან, დაახლოებით 19 954 650 მილიონ ლარს მიიღებს.
აღნიშნული ტენდერი სამ ნაწილად დაიყო და თითო ტენდერი თითო მონაკვეთს მოიცავდა:
თ. ჭოველიძის ქუჩიდან სავაჭრო ცენტრ “მერანამდე”;
სავაჭრო ცენტრ “მერანიდან” ბესიკის ქუჩამდე;
ბესიკის ქუჩიდან თავისუფლების მოედნამდე.
“ტვ პირველის” ინფორმაციით, სამივე ტენდერში ერთადერთი მონაწილე “სმარტ სოლუშენსი” იყო და შესაბამისად ყველა ტენდერში გამარჯვებულადაც ეს კომპანია დასახელდა.
თბილისის მერიამ რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციაზე ტენდერი მრავალჯერ გამოაცხადა, მაგრამ ჩაიშალა. თბილისის მერის, კახი კალაძის განცხადებით ტენდერში კომპანიები მონაწილეობას არ იღებდნენ.
კორუფციის მკვლევარმა, ბესო დონაძემ “ტვ პირველთან” საუბრისას განაცხადა, რომ ლევან გოგსაძის კარიერა GT Group-დან იწყება — კომპანია, რომელიც მმართველი პარტიის მსხვილი შემომწირველია.
მკვლევარის შეფასებით, რუსთაველის გამზირზე მიმდიარე პროტესტის გამო რეაბილიტაციის ტენდერში მონაწილეობაზე კომპანიები თავს იკავებდნენ.
“რუსთაველის რეაბილიტაციის ტენდერში გამარჯვებული კომპანია არის “სმარტ სოლუშენი”, რომელიც ეკუთვნის ლევან გოგსაძეს. ლევან გოგსაძის კარიერა წყება GT Group-დან, ეს არის GT Group-ი, რომელიც სასწრაფოების სკანდალშია გახვეული , “ქართული ოცნების” შემწირველები არიან. ეს ლევან გოგსაძის ოჯახური მდგომარეობით არის, ოდიშარიას ქვისლია ანუ მათი ნათესავური კავშირი არსებობს. ზოგადად, “ქართულ ოცნებასთან” ახლოს მყოფი ბიზნესმენია. სამივე ტენდერში ამ კომპანიამ გაიმარჯვა. რუსთაველის რეაბილიტაციას კალაძე რამდენიმე წელია ცდილობს, მაგრამ ფიზიკურად ვერ ახერხებდა გამომდინარე იქიდან, რომ პროტესტი იყო რუსთაველზე. რამდენიმე ტენდერი ჩაეშალა, იმიტომ, რომ კომპანიებმა მონაწილეობა არ მიიღეს, იმიტომ, რომ საზოგადოების წნეხი იყო მაღალი და შესაბამისად, ვერ მიიღეს მონაწილეობა. ფაქტობრივად, ეს არის საგზაო ინფრასტრუქტურის ტენდერი, ხოლო რაც შეეხება GWP-ის და მიწის ქვეშა კომუნიკაციებს, რა შეიცვლება, ამაზე ჯერ ინფორმაცია ფიზიკურად არ არსებობს,” — განაცხადა დონაძემ.