← მთავარი
მსოფლიო

რუსულმა სამხედრო ხომალდმა ბრიტანული იახტის მიმართულებით ცეცხლი გახსნა - რა დეტალებია ცნობილი

16 ივნისი, 2026 · წყარო: ambebi.ge
რუსულმა სამხედრო ხომალდმა ბრიტანული იახტის მიმართულებით ცეცხლი გახსნა - რა დეტალებია ცნობილი

რუსულმა სამხედრო ხომალდმა უაიტის კუნძულიდან (Isle of Wight) 20 მილის დაშორებით, ლა-მანშის სრუტეში, ბრიტანულ უიარაღო გასართობ იახტას ცეცხლი გაუხსნა.

სამშაბათ დილით მომხდარ ინციდენტში რუსული ფრეგატი “ადმირალი გრიგოროვიჩი“ ფიგურირებდა. თავდაცვის უწყების წყაროებმა მომხდარი, “მწვავე ესკალაციად” შეაფასეს.

დაახლოებით დილის 11:40 საათზე, დიდი ბრიტანეთის დროშის ქვეშ მცურავმა იახტამ განაცხადა, რომ რუსულმა სამხედრო ხომალდმა მათ სიახლოვეს, დაახლოებით 450 მეტრის დისტანციაზე, გამაფრთხილებელი გასროლა განახორციელა. ცეცხლი გახსნა უაიტის კუნძულის სამხრეთით, 20 საზღვაო მილის დაშორებით, გაერთიანებული სამეფოს ტერიტორიული წყლების მიღმა მოხდა.

გამოცემა “The Sun“ - ის წყარომ ბრიტანეთის საზღვაო ძალებიდან დაადასტურა, რომ რუსულმა ფრეგატმა მართლაც მოახდინა “რამდენიმე გასროლა”. ამ დროისთვის ზუსტად უცნობია, თუ რა ტიპის იარაღი იქნა გამოყენებული. ცნობისთვის, ეს 120 მეტრის სიგრძის ხომალდი 3.9-დუიმიანი მთავარი არტილერიითა და სარაკეტო სისტემებით არის აღჭურვილი, რომლებსაც ფრთოსანი რაკეტების, “კალიბრის“ გადატანა შეუძლიათ.

საზღვაო ძალების წარმომადგენლის თქმით, რუსულ ეკიპაჟს ბრიტანულ იახტასთან რადიოკავშირის დამყარება არ უცდია, თუმცა ნისლიან პირობებში მიახლოებისას ხმოვანი სიგნალი (საყვირი) ჩართო. ამის შემდეგ მათ რამდენიმე გამაფრთხილებელი გასროლა განახორციელეს, რაც, წყაროს ვარაუდით, “შესაძლოა სასიგნალო შუშხუნებიც ყოფილიყო“.

მიუხედავად იმისა, რომ თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნები გუშინ ინციდენტის მნიშვნელობის დაკნინებას ცდილობდნენ და აცხადებდნენ, რომ მომხდარი “ჩვეულებრივ პრაქტიკად“ მიიჩნევა, შავი ზღვის დაპირისპირების შემდეგ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც რუსულმა გემმა გამაფრთხილებელი ცეცხლი გახსნა.

ლა-მანშის სრუტეში გამავალ რუსულ სამხედრო ხომალდებს სამეფო საზღვაო ძალები მუდმივად მეთვალყურეობას უწევენ. სამშაბათს “ადმირალ გრიგოროვიჩს“ პატრულირების რეჟიმში ხომალდი “HMS Mersey“ აცილებდა. ინციდენტის შემდეგ კი იახტასთან კიდევ ერთი პატრული, “HMS Tyne“ მივიდა, რათა ინციდენტის დეტალები გამოეკვლია და ეკიპაჟის უსაფრთხოება შეემოწმებინა. უწყების წყარომ ასევე დაადასტურა, რომ შემთხვევის შედეგად “არავინ დაშავებულა და არც დაზიანება არის დაფიქსირებული“, იახტა კი გზას აგრძელებს. წყარო

← მთავარი