← მთავარი
მსოფლიო

შავ ზღვაში მცურავ თურქულ სატვირთ გემს რუსული დრონი დაესხა თავს — დაშავებულია თურქეთის 2 მოქალაქე

23 ივნისი, 2026 · წყარო: on.ge
შავ ზღვაში მცურავ თურქულ სატვირთ გემს რუსული დრონი დაესხა თავს — დაშავებულია თურქეთის 2 მოქალაქე

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო შავ ზღვაში თურქული სატვირთო გემის წინააღმდეგ განხორციელებული თავდასხმის შესახებ განცხადებას ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, ინციდენტი 22 ივნისს, დილით მოხდა. პანამის დროშის ქვეშ მცურავ გემს უპილოტო საფრენი აპარატი (დრონი) უკრაინის ჩერნომორსკის პორტთან ახლოს დაესხა თავს. თავდასხმის შედეგად ეკიპაჟის ორი წევრი, რომლებიც თურქეთის მოქალაქეები არიან, დაშავდა. ანკარაში აცხადებენ, რომ დაშავებულთა მდგომარეობას კიევში თურქეთის საელჩო და ოდესაში თურქეთის გენერალური საკონსულო ყურადღებით აკვირდებიან. “თურქულ, პანამის დროშის ქვეშ მცურავ, გემზე დღეს დილით (22 ივნისს), უკრაინის ჩერნომორსკის პორტთან ახლოს, უპილოტო საფრენი აპარატით თავდასხმა განხორციელდა, რის შედეგადაც ეკიპაჟის წევრი, ჩვენი ორი მოქალაქე დაშავდა.მოქალაქეების მდგომარეობას ყურადღებით აკვირდება კიევში თურქეთის საელჩო და ოდესაში თურქეთის გენერალური საკონსულო.ამ თავდასხმებთან დაკავშირებით ჩვენი შეშფოთება, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომის ესკალაციის შედეგად საფრთხეს უქმნის ჩვენს ინტერესებს შავ ზღვაში და რეგიონულ უსაფრთხოებას, ორივე ქვეყნის ხელისუფლებას გადაეცემა.შავ ზღვაში სამოქალაქო გემების ნავიგაციის უსაფრთხოების უზრუნველყოფა ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რჩება და მოვუწოდებთ ყველა შესაბამის მხარეს, მიიღონ ზომები რეგიონში დაძაბულობის დეესკალაციისთვის”, — აღნიშნულია განცხადებაში. უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების ინფორმაციით, 22 ივნისს, ღამით, რუსულმა ძალებმა შავ ზღვაში უცხოეთის დროშის ქვეშ მცურავ სამ სამოქალაქო სატვირთო გემზე მიიტანეს იერიში. ერთ-ერთი დარტყმის შედეგად ეკიპაჟის ეგვიპტელი წევრი დაიღუპა, გემზე კი ხანძარი გაჩნდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. უკრაინის ვიცეპრემიერის, ოლექსი კულებას განცხადებით, ყველაზე მძიმედ თურქული, პანამის დროშის ქვეშ მცურავი მშრალი ტვირთმზიდი გემი Victress დაზიანდა. უკრაინული მედია წერს, რომ რუსული დრონების თავდასხმამ ხანძარი გამოიწვია, რის შედეგადაც ბორტზე მყოფი 58 წლის ეგვიპტელი მზარეული დაიღუპა. სამხედრო-საზღვაო ძალების ცნობით, ეკიპაჟის დანარჩენი რვა წევრი, რომლებიც თურქეთისა და ინდოეთის მოქალაქეები არიან, უკრაინული სამაშველო ოპერაციის შედეგად გამოიყვანეს. იერიში განხორციელდა კიდევ ორი გემზე, რომლებიც ბელიზისა და პალაუს დროშებით ცურავდნენ, თუმცა მათ მცირე დაზიანებები მიიღეს და გზის გაგრძელება შეძლეს.

← მთავარი