← მთავარი
მსოფლიო

რუსეთმა წლის დასაწყისიდან უკრაინული დრონებით „ყველაზე მასირებული შეტევის” შესახებ განაცხადა

26 ივნისი, 2026 · წყარო: radiotavisupleba.ge
რუსეთმა წლის დასაწყისიდან უკრაინული დრონებით „ყველაზე მასირებული შეტევის” შესახებ განაცხადა

რუსეთის სხვადასხვა რეგიონში და ანექსირებულ ყირიმში აფეთქებები იყო 25-დან 26 ივნისის ღამით და გამთენიისას. ადგილობრივმა ხელისუფლებამ უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმის შესახებ განაცხადა. რუსეთის სახელმწიფო მედიამ შეტევას უწოდა ამ წლის დასაწყისიდან „ყველაზე მასირებული“.სამიზნეებს შორის იყო ტულის ოლქში მდებარე ქიმიური ქარხანა და ელექტროსადგური.ტულის ოლქის გუბერნატორმა დმიტრი მილიაევმა სოციალურ ქსელებში დაწერა, რომ უკრაინული დრონებით მასირებული შეტევის შედეგად ქალაქ ნოვომოსკოვსკში დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები და საწარმო. გუბერნატორს კონკრეტული საწარმო არ დაუსახელებია.რუსული დამოუკიდებელი გამოცემა ASTRA-ს და მონიტორინგის უკრაინული არხის, Exilenova+-ის მონაცემებით, საწარმო, რომელზეც დრონებით შეტევა იყო, ნოვომოსკოვსკში მდებარე ქიმიური კომბინატი „აზოტია“. უკრაინის თავდაცვის ძალებმა ამ ქარხანას 14 ივნისსაც დაარტყეს.ჰოლდინგ „ევროხიმის“ შემადგენლობაში მყოფი „აზოტი“ რუსეთში ამიაკის და მინერალური სასუქების უმსხვილესი მწარმოებელია. მისი პროდუქცია სამხედრო დანიშნულების ქარხნებსაც მიეწოდება ფეთქებადი ნივთიერებებისა და საბრძოლო მასალების საწარმოებლად.

ასევე ნახეთ

პრეზიდენტმა ზელენსკიმ დაამტკიცა რუსეთზე „ზემოქმედების 40-დღიანი ოპერაცია“

გამოცემა ASTRA-ს ცნობით, რუსეთის ტულის ოლქში დრონებით შეტევა იყო ნოვომოსკოვსკის ელექტროსადგურზეც.სადგურზე გაჩენილი ხანძარი NASA-ს მონიტორინგის სისტემამაც დააფიქსირა.

ანექსირებულ ყირიმში აფეთქებები იყო ქერჩის რაიონში.ტელეგრამ-არხ „კრიმსკი ვეტერ”-ის ინფორმაციით, ხანძარია ქერჩთან მდებარე სამხედრო აეროდრომზე, სადაც რუსულ არმიას აქვს რადიოლოკაციური სადგური და საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი „პანცირი”.ამავე არხის ცნობით, ხანძარია გემთმშენებელი ქარხნის, „ზალივის” ტერიტორიაზეც.

უკრაინას რუსეთსა და ანექსირებულ ყირიმზე მორიგი შეტევის შესახებ ჯერჯერობით არაფერი უთქვამს.რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ტელეგრამ-არხზე 26 ივნისს დილით გამოქვეყნებული ცნობით, ღამის განმავლობაში თერთმეტ ოლქში, მათ შორის ტულაში, მოსკოვის რეგიონში, ყირიმში და შავი და აზოვის ზღვების თავზე „გზად დაიჭირეს და გაანადგურეს“ თვითმფრინავის ტიპის 660 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო, როგორც წესი, არ ასახელებს მოუგერიებელი დრონების რიცხვს.რუსეთის სახელმწიფო სააგენტო „ტასმა“ თავდაცვის სამინისტროს მიერ დილით დასახელებულ დრონების რიცხვზე დაყრდნობით დაწერა, რომ ეს წლის დასაწყისიდან „ყველაზე მასირებული შეტევა“ იყო. მანამდე ყველაზე მასშტაბური შეტევა იყო 17 მაისს(556 დრონი).

ასევე ნახეთ

„კუნძულად იქცევა“ - საჰაერო განგაში, აფეთქებები, საწვავის დეფიციტი, დაკეტილი ხიდები და გზები ყირიმში

2026 წლის გაზაფხულიდან უკრაინის თავდაცვის ძალებმა მნიშვნელოვნად გაზარდეს შეტევის მასშტაბი როგორც რუსეთის ტერიტორიაზე, მათ შორის დედაქალაქ მოსკოვზე, ისე რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმზე.დარტყმის ქვეშაა რუსული არმიის ობიექტები, სამხედრო მრეწველობის და ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები, ნავთობის ტერმინალები და ტრანსპორტირების მარშრუტები.რუსეთში ბენზინის გაყიდვა შეზღუდეს, ანექსირებულ ყირიმში კი სრული დეფიციტი შეიქმნა.პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 24 ივნისს უკრაინელებისადმი ვიდეომიმართვისას განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია რუსებმა ომი იგრძნონ და რუსეთმა იცოდეს, რომ არ გამოუვა უკრაინელების მიწების იოლად და დაუსჯელად მოპარვა.ზელენსკის თანახმად, უზრუნველყოფენ ისეთ პირობებს, რომ რუსეთი იძულებული გახდება მშვიდობას დასთანხმდეს.

← მთავარი