← მთავარი
პოლიტიკა

რუსეთი ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ანექსიას განიხილავს?

24 ივნისი, 2026 · წყარო: ambebi.ge
რუსეთი ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ანექსიას განიხილავს?

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. პრეზიდენტმა ალან გაგლოევმა 23 ივნისს თანამდებობა დატოვა და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მრჩევლად დაინიშნა. აღნიშნულ თანამდებობაზე მისი დანიშვნის ბრძანებულება კრემლმა უკვე გამოაქვეყნა.

“მე მხარს ვუჭერ ჩვენს ისტორიულ ლიდერს, ვლადიმერ პუტინს და მზად ვარ, მის გვერდით დავდგე. დღეიდან მე ვარ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში და ვტოვებ სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის თანამდებობას”, - განაცხადა გაგლოევმა.

მან გადადგომის შესახებ განცხადება კრემლის მიერ პუტინთან შეხვედრის შესახებ ინფორმაციის გავრცელების მეორე დღეს გააკეთა. რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის, დიმიტრი პესკოვის თქმით, შეხვედრაზე განხილული იყო “ორმხრივი დიალოგის შემდგომი გაძლიერების პერსპექტივები, მათ შორის, მაისში მოსკოვში ხელმოწერილი ორმხრივი შეთანხმების გათვალისწინებით“. რუსეთის ფედერაციასა და ოკუპირებულ ცხინვალს შორის მოკავშირეთა თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ 2026 წლის 9 მაისით დათარიღებული ხელშეკრულება, რომელზეც პესკოვმა ისაუბრა, სხვა საკითხებთან ერთად, რუსეთის მოქალაქეებს “სამხრეთ ოსეთში” საჯარო თანამდებობის დაკავების უფლებას აძლევს (და პირიქით). მაისის შუა რიცხვებში რუსეთის სახელმწიფო დუმამ ხელშეკრულება რატიფიცირება მოახდინა, ხოლო 8 ივნისს გაგლოევმა საქართველოს ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრად მარატ კამბოლოვი წარადგინა - რუსეთის მოქალაქე, რომელიც მუშაობდა რუსეთის მთავრობაში და კურჩატოვის ინსტიტუტში მაღალ თანამდებობებს იკავებდა. 16 ივნისს პარლამენტმა დაამტკიცა კამბოლოვის კანდიდატურა და ის პრემიერ-მინისტრად დაინიშნა.

როგორც გამოცემა “მედუზა” წერს, მიხაილ კოვალჩუკი კურჩატოვის ინსტიტუტის კვლევითი ცენტრის პრეზიდენტია, სადაც კამბოლოვი 2014 წლიდან 2026 წლამდე მუშაობდა. ძმები მიხაილ და იური კოვალჩუკები პუტინის უახლოესი წრის წევრებად მიიჩნევიან.

კამბოლოვი ცხინვალის რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობას ერთი კვირის განმავლობაში იკავებდა, რის შემდეგაც ე.წ. პრეზიდენტის პოსტი ჩაიბარა. “სამხრეთ ოსეთის” კანონმდებლობის თანახმად, პრეზიდენტის გადადგომის შემთხვევაში, ვადამდელი არჩევნების ჩატარებამდე პრეზიდენტის მოვალეობას მთავრობის მეთაური ასრულებს.

რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან დაახლოებულმა წყარომ 2022 წელს გამოცემა Meduza-სთან საუბრისას “სამხრეთ ოსეთისა” და აფხაზეთის რუსეთის ფედერაციასთან ან მოკავშირე სახელმწიფოსთან (რუსეთი და ბელარუსი) ანექსიის “სცენარი“ განიხილა, რომელიც წყაროს თქმით, “კრემლში მუშავდებოდა“. როგორც მან აღნიშნა, ასეთ ნაბიჯს შეეძლო რუსეთის ფედერაციის მოსახლეობისთვის ეჩვენებინა რუსეთის “ტერიტორიული მიღწევები“ მას შემდეგ, რაც რუსული არმია უკრაინის ზოგიერთი ოკუპირებული ტერიტორიიდან გავიდოდა. წყარომ Meduza-ს განუცხადა, რომ ეს სცენარი “სერიოზულად განიხილეს”, მაგრამ არსებობდა პრობლემა. “ოსეთში მოსახლეობის უმრავლესობა მომხრეა რუსეთთან მიერთების, მაგრამ აფხაზეთში უმრავლესობა კატეგორიულად წინააღმდეგია. საბოლოო ჯამში, მხოლოდ ოსეთის ანექსია ძალიან უმნიშვნელოდ ჩაითვალა“, - ამბობს წყარო.

გაგლოევის წინამორბედმა, ანატოლი ბიბილოვმა, არჩევნებში წაგების შემდეგ ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომლითაც სამხრეთ ოსეთის რუსეთთან გაერთიანების შესახებ რეფერენდუმის ჩატარებას ითხოვდა. თანამდებობის დაკავებისთანავე, გაგლოევმა რეფერენდუმი “გადადო“.

“როგორც ჩანს, ისინი ახლა კვლავ განიხილავენ “მინი-სსრკ“ პროექტს“, - განუცხადა Meduza-ს საარჩევნო კამპანიის სტრატეგმა, რომელიც ცხინვალის არჩევნებზე მუშაობდა.

← მთავარი