რუსეთმა ბელარუსში „ისკანდერ-M”-ის ბრიგადებს ბირთვული საბრძოლო მასალა გადასცა
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 21 მაისს გამოაცხადა, რომ ბირთვული წვრთნების ფარგლებში ბელარუსში „ისკანდერ-M”-ის ოპერატიულ-ტაქტიკური სარაკეტო სისტემისთვის ბირთვული საბრძოლო მასალა გადაიტანეს.
„ბელარუსის სარაკეტო შენაერთის პირადი შემადგენლობა ასრულებს სასწავლო-საბრძოლო ამოცანებს — ღებულობს სპეციალურ საბრძოლო მასალას, ამზადებს გამშვებ მანქანებს და ფარულად გადადის განსაზღვრულ ტერიტორიაზე,” — განმარტა სამხედრო უწყებამ. გამოქვეყნებულ ვიდეოში ჩანს ტექნიკის კოლონები და პირადი შემადგენლობის სამხედრო წვრთნა.
წვრთნები 19 მაისს დაიწყო: ბელარუსის თავდაცვის სამინისტრომ ერთი დღით ადრე გამოაცხადა, რომ რუსეთის სამხედროებთან ერთად ბელარუსის ტერიტორიაზე ბირთვული ძალების ერთობლივ წვრთნებს მართავს. მათში 64 000-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე, 7 800-ზე მეტი ტექნიკური ერთეული, 200-ზე მეტი სარაკეტო დანადგარი, 140-ზე მეტი საჰაერო აპარატი, 73 გემი და 13 წყალქვეშა ნავი მონაწილეობდა.
ეს ბელარუსში მიმდინარე ბირთვული ერთობლივი წვრთნების მესამე სერიაა 2023 წლის შემდეგ, როდესაც მოსკოვმა ქვეყანაში ტაქტიკური ბირთვული იარაღი განათავსა. ასევე ცნობილია, რომ ბელარუსის ტერიტორიაზე განლაგებულია „ორეშნიკის” საშუალო სიმძლავრის სარაკეტო სისტემები, რომლებიც ბირთვული ქობინების ტარებას საშუალებას იძლევა.