რუსეთმა დროებით დაკეტა სარკინიგზო გამშვები პუნქტები ფინეთთან, ესტონეთსა და ლატვიასთან
რუსეთმა დროებით დახურა ფინეთის, ესტონეთის და ლატვიის საზღვრებთან მდებარე სარკინიგზო გამშვები პუნქტები. რუსეთის მთავრობას გადაწყვეტილების მიზეზი არ დაუსახელებია.
რუსეთის პრემიერ-მინისტრ მიხაილ მიშუსტინის მიერ 30 ივნისს ხელმოწერილი განკარგულებით, 1 ივლისიდან „დროებით შეჩერდა პირების, სატრანსპორტო საშუალებების, საქონლის და ტვირთების მოძრაობა სარკინიგზო-გამშვები პუნქტების გავლით” საზღვრის ცალკეულ მონაკვეთებზე.
განკარგულებაში დასახელებულია ფინეთთან საზღვარზე მდებარე ხუთი გამშვები პუნქტი, რომელთაგან ერთი ქალაქ სანქტ-პეტერბურგშია, ორი ლენინგრადის ოლქში და ორი კარელიის რესპუბლიკაში და ესტონეთთან და ლატვიასთან საზღვრებზე მდებარე თითო-თითო პუნქტი ფსკოვის ოლქში.
განკარგულებაში მითითებული არ არის არც სარკინიგზო გამშვები პუნქტების დახურვის მიზეზი და არც ვადა.
ფინეთს რუსეთთან სახმელეთო საზღვარი ისედაც დაკეტილი აქვს 2023 წლიდან, როცა რუსეთი დაადანაშაულა ახლო აღმოსავლეთის და აფრიკის ქვეყნებიდან ფინეთისკენ ლტოლვილთა მასშტაბური ნაკადების ორგანიზებაში. მოსკოვი ამას უარყოფდა.
უკრაინაში რუსეთის არმიის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ბალტიის ქვეყნებმა რუსეთთან საზღვრების დაცვა გააძლიერეს, თუმცა სახმელეთო საზღვარი სრულად არ დაუხურავთ და გარკვეული შეზღუდვები დააწესეს.