საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შეიქმნა — სპუტნიკი ახარებს
რუსული პროპაგანდისტული პორტალი „სპუტნიკი” იტყობინება, რომ საქართველოში შეიქმნა „რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო”. ინიციატივის ავტორთა განცხადებით, ახალი ორგანიზაციის მიზანია „სააჯარო სფეროში დისკრიმინაციის, სიძულვილის ენისა და ანტირუსული რიტორიკის იდენტიფიცირება და ანალიზი.”
საბჭო აგროვებს ინფორმაციას „რუსოფობიის გამოვლინებებად” მიჩნეულ ინციდენტებზე — „რუსეთის შესახებ ცრუ ინფორმაციის გავრცელებიდან, ისტორიული მოვლენების დამახინჯებიდან და ენისა თუ ეთნიკური კუთვნილების საფუძველზე დისკრიმინაციამდე.” ყურადღება გამახვილდება 2022 წლის თებერვლის შემდეგ მომხდარ მოვლენებზე — ზუსტად იმ პერიოდზე, რომელიც რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დასაწყისს ემთხვევა.
საბჭოს ფარგლებში ამ ეტაპზე იქმნება იურისტთა ჯგუფი, რომელიც გამოვლენილ „საქმეებს სამართლებრივად შეაფასებს.” შეგროვებული მონიტორინგის შედეგები ყოველ სამ თვეში ერთხელ გამოქვეყნდება.
„სპუტნიკი” შენიშნავს, რომ „ბოლო წლებში საქართველოში ანტირუსული განცხადებებისა და ქმედებების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა.”