Reuters: რუსეთმა დონ-აზოვის არხში საზღვაო ტრანსპორტი შეაჩერა
მარცვლეულის ექსპორტის სექტორის სამი წყარო Reuters-ს უყვება, რომ რუსეთის ხელისუფლებამ დროებით შეაჩერა გემების მოძრაობა დონ-აზოვის არხში, რომელიც მდინარე დონს აზოვის ზღვასთან აკავშირებს.
წყაროების ინფორმაციით, გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც უკრაინამ გუშინ აზოვის ზღვაში 13 რუსულ ხომალდზე, მათ შორის 10 ტანკერზე, შეტევა განახორციელა.
ბაზრის ანალიტიკოსების შეფასებით, მსოფლიოს უდიდესი ხორბლის ექსპორტიორ რუსეთს თავისი ხორბლის დაახლოებით მეოთხედი სწორედ აზოვის ზღვის მარშრუტით გააქვს.
ერთ-ერთი წყაროს თქმით, რუსეთის სასაზღვრო სამსახურმა გადამზიდავ კომპანიებს აცნობა, რომ პარასკევს ადგილობრივი დროით 18:10 საათიდან ქერჩის სრუტის გავლით გადაადგილების ყველა განაცხადის მიღება შეჩერდა. სასაზღვრო სამსახური რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურს (FSB) ექვემდებარება. შეტყობინებაში არ იყო მითითებული, როდის აღდგება გემების მოძრაობა.
რუსეთის მარცვლეულის წარმოების მთავარი რეგიონები - როსტოვისა და კრასნოდარის მხარეები - აზოვის ზღვის სანაპიროზე მდებარეობს. ქვეყნის შავი ზღვის აუზის მეორე უმსხვილესი პორტიც ქერჩის სრუტის სიახლოვესაა განთავსებული.
რუსეთის სოფლის მეურნეობისა და ტრანსპორტის სამინისტროებს აღნიშნულ საკითხზე კომენტარი არ გაუკეთებიათ.