რუსეთმა კიევს ბალისტიკური რაკეტებით დაარტყა - დაშავდა სულ მცირე ექვსი ადამიანი
რუსეთმა შაბათს, 11 ივლისის გამთენიას, უკრაინის დედაქალაქ კიევზე ბალისტიკური რაკეტებით იერიში მიიტანა. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად სულ მცირე ექვსი ადამიანი დაშავდა.
Reuters-ის კორესპონდენტის ცნობით, ქალაქში საჰაერო განგაშის გამოცხადებამდე ძლიერი აფეთქებების სერია გაისმა.
კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, დარტყმის შედეგად ერთ-ერთ რაიონში დაზიანდა არასაცხოვრებელი შენობა, სხვა რაიონში კი კვამლი გავრცელდა. ასევე, იერიშის შედეგად ცეცხლი გაუჩნდა საოფისე შენობას.
ქალაქის მერის, ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, ხანძარი გაჩნდა ტრანსფორმატორის ქვესადგურზეც. გარდა ამისა, აფეთქების ტალღამ რამდენიმე საცხოვრებელი სახლის ფანჯრები ჩაამსხვრია.
ბოლო კვირების განმავლობაში რუსეთმა კიევზე თავდასხმები მნიშვნელოვნად გააძლიერა. ივლისის დასაწყისიდან დღემდე, კიევსა და მის შემოგარენზე განხორციელებულ იერიშებს 60-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.