რუსეთმა დიზელის ექსპორტი აკრძალა – ქვეყანაში უკრაინული იერიშების გამო საწვავის დეფიციტია
უკრაინული იერიშებით გამოწვეული საწვავის დეფიციტის ფონზე, რუსეთმა დიზელის ექსპორტი სრულიად აკრძალა. ამასთან, ივლისში ქვეყანაში იმპორტირებული ნავთობპროდუქტების მიწოდებაც დაიწყება.
ამის შესახებ ქვეყნის ვიცეპრემიერმა ალექსანდრ ნოვაკმა განაცხადა.
ნოვაკის თქმით, იმპორტირებული ნავთობპროდუქტების პირველი პარტიები რუსეთის ბაზარზე ივლისის განმავლობაში შევა.
ვიცეპრემიერის განცხადებით, რუსეთის მთავრობამ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დაგეგმილი რიგი სარემონტო სამუშაოები გადაავადა და დამატებითი საწარმოო სიმძლავრეები აამოქმედა.
ქვეყანაში საწვავის ბაზარზე არსებულ ვითარებაზე საუბრისას ნოვაკმა, ექსპორტის სრული აკრძალვის მიუხედავად, შედარებით რბილი შეფასება გააკეთა.
“საწვავის ბაზარზე მდგომარეობა ნაწილობრივ დასტაბილურდა, თუმცა სიტუაცია კვლავ რთული რჩება” - განაცხადა მან.
შეგახსენებთ, რომ ალექსანდრ ნოვაკმა დიზელის ექსპორტის აკრძალვის შესაძლებლობა ვლადიმირ პუტინთან გამართულ თათბირზე, ჯერ კიდევ 23 ივნისს, განიხილა. მაშინ კრემლი ამ ნაბიჯის გადადგმისგან თავს იკავებდა იმ ქვეყნებთან არსებული სამთავრობათაშორისო შეთანხმებების გამო, რომლებიც რუსული საწვავის მყიდველები არიან.
საწვავის დეფიციტი რუსეთის ყველა რეგიონში იგრძნობა - რიგ რეგიონებში დაწესებულია საწვავის ყიდვის ლიმიტები, ავტოგასამართ სადგურებთან გრძელი რიგებია, ხოლო ბენზინის ფასმა რეკორდულად მოიმატა.