წუხელ რუსეთმა უკრაინას 118 დრონით შეუტია, განხორციელდა ავიადარტყმებიც, არის მსხვერპლი
პარასკევს ღამით რუსეთმა უკრაინას შეუტია 118 მოიერიშე დრონით, რომელთაგან, უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, 110 ჩამოაგდეს. სამი მიზანში მოხვედრა დაფიქსირდა სამ ადგილას, ასევე ნამსხვრევები ჩამოვარდა ექვს ადგილას.ნიკოლაევის ოლქის გუბერნატორმა ვიტალი კიმმა ტელეგრამზე გამოქვეყნებულ პოსტში განაცხადა, რომ ღამით მომხდარი თავდასხმის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა, მათ შორის 10 წლის ბავშვი. ხარკოვის ოლქში, სოფელ პეტროვპავლოვკაში იერიშის შედეგად დაიღუპა 70 წლის მამაკაცი, ხოლო სოფელ ზრუბანკაში დაიჭრა 55 წლის მამაკაცი - ადგილობრივი მცხოვრები.ღამის განმავლობაში ზაპოროჟიეს ოლქის ერთ-ერთ ქალაქს საჰაერო დარტყმა მიაყენეს. უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის ცნობით, დაიღუპა 57 წლის მამაკაცი, ხოლო კიდევ ერთი ადამიანი დაიჭრა. ერთ-ერთმა ბომბმა საცხოვრებელი კორპუსი დააზიანა.შაბათს დილით რუსეთის სამხედროებმა სოფელ ვასილკოვკაში 12 მართვადი ბომბი ჩამოაგდეს. როგორც დნეპროპეტროვსკის საოლქო საბჭოს ხელმძღვანელმა, მიკოლა ლუკაშუკმა დაწერა ტელეგრამში, დარტყმის შედეგად ნაწილობრივ დაინგრა მრავალსართულიანი შენობა, რამდენიმე ბომბი მოხვდა ადგილობრივ ბაზარს. დნეპროპეტროვსკის ოლქის პოლიციის პრესსამსახურის ცნობით, სულ მცირე, ცხრა ადამიანი დაშავდა.დნეპროპეტროვსკის ოლქის გრუშევკის და ზელენოდოლსკის რაიონებში დრონით თავდასხმის შედეგად დაიღუპა 60 წლის მამაკაცი, ხოლო კიდევ ერთი ადამიანი დაშავდა. დაზიანდა ინფრასტრუქტურის ობიექტები.რუსეთის სამხედრო ძალებმა ასევე გამოიყენეს მოიერიშე დრონები ნოვოტარანოვკასა და დონეცკის ოლქის უკრაინის მიერ კონტროლირებად ნაწილში მდებარე სხვა დასახლებებზე თავდასხმისთვის. უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის ცნობით, ორი ადამიანი დაშავდა, ხოლო რამდენიმე მრავალსართულიან შენობაში ხანძარი გაჩნდა.სუმის ოლქში რუსეთის დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა. სუმის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის, ოლეჰ ჰრიჰოროვის თქმით, დრონებმა სერედინო-ბუდის თემში კერძო სახლი დაბომბეს. მისი თქმით, ადგილზე დაიღუპა 57 წლის ქალი. დილით რუსულმა დრონმა იერიში მიიტანა ბელოპოლიეს თემში სამოქალაქო ავტომობილზე, რის შედეგადაც 64 წლის მგზავრი დაიღუპა და მძღოლი დაიჭრა.რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან მოყოლებული, მშვიდობიანი მოსახლეობა თითქმის ყოველდღიურად ხდებოდა რუსული დაბომბვის მსხვერპლი. გაეროს ადამიანის უფლებათა მონიტორინგის მისიის მონაცემებით, 2026 წლის მაისში უფრო მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და დაიჭრა, ვიდრე ნებისმიერ სხვა თვეში ბოლო ოთხი წლის განმავლობაში: გაეროს მონაცემებით, სულ მცირე, 274 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 1763 დაიჭრა.
ასევე ნახეთ
უკრაინამ დრონებით შეუტია ნავთობის საცავსა და საზღვაო პორტს კრასნოდარის მხარეში