რუსეთის მორიგი ბარბაროსული შეტევა კიევზე: ოკუპანტმა კიევ-პეჩეროს ლავრის მთავარი ტაძარი დაბომბა - თავდასხმის შედეგად დაიღუპა 4 ადამიანი და დაშავდა 25
რუსულმა ძალებმა უკრაინის დედაქალაქ კიევზე დრონებისა და რაკეტების გამოყენებით, მასშტაბური თავდასხმა განახორციელეს. დედაქალაქში აფეთქებების ხმა ისმოდა და ხანძარი გაჩნდა, მათ შორის საცხოვრებელ შენობებსა და კიევ-პეჩორის ლავრაში. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამჟამად, კიევში სხვადასხვა ხარისხის დაზიანება 40-ზე მეტ ლოკაციაზეა დაფიქსირებული. ამასთანავე, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, დაღუპულია 4 ადამიანი და დაშავებულია 25, მათ შორის ორი ბავშვი. დედაქალაქის ნაწილი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.
კიევზე მასშტაბური თავდასხმის შედეგად კიევ-პეჩერის ლავრის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა.
“დადასტურდა ხანძარი კიევ-პეჩერის ლავრის ტერიტორიაზე არსებულ შენობებში. წინასწარი ინფორმაციით, ის პირდაპირი დარტყმის შედეგი იყო“, - განაცხადა კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ტიმურ ტკაჩენკომ. მან მოგვიანებით გაავრცელა ინფორმაცია, რომ თავდასხმის შედეგად ლავრას მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა. “ოპერატიული ინფორმაციის თანახმად, ლავრის ტერიტორია მნიშვნელოვნად დაზიანდა და სერიოზული ხანძარი გაჩნდა. რუსებმა განზრახ დაარტყეს ერთ-ერთი უდიდესი ქრისტიანული სალოცავის გულს!“- აღნიშნა ტკაჩენკომ. მაშველების ცნობით, მიძინების ტაძრის სახურავზე ხანძარმა 800 კვადრატული მეტრი ფართობი მოიცვა.
“კიევ-პეჩერის ლავრაზე, ქრისტიანობის ერთ-ერთ უდიდეს წმინდა ადგილზე, თავდასხმით, პუტინმა სამუდამოდ შეიყვანა თავისი სახელი ისტორიის ყველაზე საშინელი ბარბაროსების სიაში,“ - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა სოციალურ პლატფორმა X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში წერს. “ის საუკუნეების განმავლობაში წყეული უნდა იყოს. ის ამ ომს წააგებს“, - წერს სიბიგა.
მისი თქმით, კიევ-პეჩერის ლავრა ქვეყნის ისტორიის მანძილზე არაერთხელ გამხდარა თავდასხმის სამიზნე.
“ახლა საქმე გვაქვს რუს ტერორისტებთან, რომლებმაც უკვე გადააჭარბეს ISIS-ს კულტურული მემკვიდრეობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებში. მხოლოდ რუს ნაძირლებს, რომლებსაც არაფერი წმინდა არ გააჩნიათ, შეუძლიათ განზრახ დააზიანონ კიევ- პეჩერის ლავრა, იუნესკოს უნიკალური მემკვიდრეობის ძეგლი“, - წერს სიბიგა. მისი განცხადებით, უკრაინა დაიწყებს ყველა შესაბამის პროცედურას ყველა სხვა საერთაშორისო მექანიზმის ფარგლებში. “სასწრაფოდ დავიწყებთ ყველა შესაბამის პროცედურას იუნესკოსა და ყველა სხვა საერთაშორისო მექანიზმის ფარგლებში, მოვითხოვთ დაუყოვნებლივ და ადეკვატურ რეაგირებას ამ სახელმწიფო ბარბაროსობაზე. ველით საერთაშორისო ინსტიტუტებისა და დედაქალაქების მკაცრ რეაქციებს. არანაირი ბუნდოვანი სიტყვები, დუმილი ან სუსტი ნაბიჯები. ჩვენ გვჭირდება მოქმედება ახლავე რუსული ბარბაროსობის შესაჩერებლად“, - წერს სიბიგა. რუსეთის მიერ ქრისტიანული კულტურული და რელიგიური საგანძურზე თავდასხმა მისი დაუნდობელი ბარბაროსობის და უკრაინის თავისუფლებისა და განთავისუფლებისთვის უშიშარი ბრძოლის მიმართ სასოწარკვეთის ნამდვილი სახეა, - ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ბაიბა ბრაჟე სოციალურ პლატფორმა X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში წერს. “არა რუსეთის ომის ნორმალიზებას, არა რუსეთის მონაწილეობას საერთაშორისო ღონისძიებებში“, - წერს ბრაჟე. ცნობისთვის, კიევზე მასშტაბური თავდასხმის შედეგად კიევ-პეჩერის ლავრის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. კიევო-პეჩორის ლავრის მთავარი ტაძარი - ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია XI საუკუნის უნიკალური ძეგლი და იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაშია შეტანილი. ის აღმოსავლურ-სლავური ქრისტიანული სამყაროს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სიწმინდეს წარმოადგენს.