რუსეთი სამუშაო ასაკის 12 წლამდე დაწევასა და საბჭოთა შრომით ბანაკებს განიხილავს
რუსეთი განიხილავს სამუშაო ასაკის 12 წლამდე დაწევასა და საბჭოთა ახალგაზრდული შრომითი ბანაკების აღდგენას — ამის შესახებ The Telegraph იუწყება. ეს ინიციატივა უკრაინაში ომით გამოწვეულ მძიმე სამუშაო ძალის კრიზისზე სახელმწიფოს პასუხს წარმოადგენს.
ინიციატივა მოსკოვის ბავშვთა ომბუდსმენს, ოლგა იაროსლავსკაიას ეკუთვნის. მისი მტკიცებით, „თითქმის ყველა მოზარდს ზაფხულში დასაქმება სურს”.
„მეშვიდე კლასში პომიდვრის ნაკვეთებში სარეველების მოსაცილებლად წაგვიყვანეს. 40-გრადუსიანი სიცხეში მინდვრების შუაგულში მდებარე ბარაკებში ვცხოვრობდით. გადავრჩით და მეტიც — სახლში 120 რუბლი მივიტანე”, — ამაყობს ომბუდსმენი.
იაროსლავსკაიამ ბანაკები „სამუშაოს და დღის რეჟიმის” სახელით წარმოაჩინა, განსაკუთრებით იმ ბავშვებისთვის, ვისი მშობლებიც სამთვიანი არდადეგების მოწყობას ვერ ახერხებენ.
ეკონომიკური კონტექსტი
ეკონომისტები გვაფრთხილებენ, რომ რუსეთში სამუშაო ძალის კრიზისი — ომის, მიგრაციისა და მობილიზაციის შედეგი — სულ უფრო მძაფრდება. ვლადიმერ პუტინი 2%-იანი უმუშევრობის ოფიციალური მაჩვენებლით ამაყობს, თუმცა მუშახელის სიმცირემ ხელფასების ზრდა, ფასების მატება და ბიზნესების მოგების შემცირება გამოიწვია.
The Telegraph-ის ინფორმაციით, ბავშვთა შრომა ერთადერთი ზომა არ არის. მოსკოვის განათლების სამინისტრომ სავალდებულო საზაფხულო კითხვის სია გამოაქვეყნა, სადაც ტექსტები შედის, რომლებიც უკრაინაში ომსა და რუს სამხედრო პერსონალს ადიდებს — ამ დროს, როდესაც რუსეთის შეიარაღებული ძალები რეკორდული ტემპით კარგავს ადამიანებს.
რუსეთის მოქმედი კანონმდებლობით, ბავშვები 14 წლიდან მშობლების წერილობითი თანხმობით, 15 წლიდან კი დამოუკიდებლად შეიძლება დასაქმდნენ.