FT: რუსეთის ზეწოლის ფონზე, ევროკავშირი სომხეთისთვის საგანგებო სავაჭრო შეღავათებს ამზადებს
ევროკავშირი სომხეთისთვის საგანგებო სავაჭრო შეღავათების პაკეტს ამზადებს, რათა დაეხმაროს ქვეყანას რუსეთის მიერ დაწესებული სავაჭრო შეზღუდვების შედეგად მიყენებული ზარალის შემცირებაში. ამის შესახებ Financial Times ევროკომისიაში მიმდინარე განხილვებზე ინფორმირებულ ოთხ წყაროზე დაყრდნობით წერს.
გამოცემის ცნობით, ევროკომისია ე.წ. ავტონომიურ სავაჭრო ზომებს ამზადებს, რომლებიც სომხური სასოფლო-სამეურნეო და საკვები პროდუქციისთვის ევროკავშირის ბაზარზე ტარიფების შემცირებას ითვალისწინებს. ამ საკითხზე მუშაობა მას შემდეგ დაიწყეს, რაც რუსეთმა სომხეთს საპარლამენტო არჩევნების წინ სავაჭრო შეზღუდვები დაუწესა, რაც ბრიუსელში ქვეყნის პროდასავლურ მთავრობაზე ზეწოლად მიაჩნიათ.
“ახლა დროა, ნაბიჯი გადავდგათ და მხარი დავუჭიროთ, დავანახოთ, რომ სანდო პარტნიორები ვართ… მათ მეგობრები სჭირდებათ… და ჩვენ ჩვენი სამეზობლოს დაცვა გვჭირდება.” – უთხრა FT-ს ერთ-ერთმა წყარომ.
გეგმას ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფოსა და ევროპარლამენტის მხარდაჭერა სჭირდება. წყაროების ინფორმაციით, ზომები შეეხება დაახლოებით 20 კატეგორიის პროდუქტის უმეტეს ნაწილს, რომლებზეც რუსეთმა შეზღუდვები დააწესა. მათი წლიური ღირებულება დაახლოებით 420 მილიონ ევროს შეადგენს. ბრიუსელში შიშობენ, რომ მოსკოვმა შესაძლოა სომხეთზე ეკონომიკური ზეწოლა კიდევ უფრო გააძლიეროს.
Financial Times-ის ინფორმაციით, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა საკითხი 16 ივნისს ლუქსემბურგში სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან განიხილეს. ევროკავშირის გაფართოების კომისარი მარტა კოსი კი ივლისის დასაწყისში სომხეთში ვიზიტს გეგმავს.
წინადადება შესაძლოა უახლოეს კვირებში წამოაყენონ, როგორც ამას FT-ს ორი წყარო ამბობს.
ევროკომისიის წარმომადგენელმა ოლოფ გილმა გამოცემასთან საუბარში თქვა, რომ ევროკომისია “ავტონომიურ სავაჭრო ზომებს” წარადგენს, რათა სომხურ ბიზნესს ევროკავშირის ბაზარზე წვდომა გაუმარტივდეს და ეკონომიკის იმ სექტორებს დაეხმაროს, რომლებიც რუსეთის შეზღუდვებით ყველაზე მეტად დაზარალდნენ.
სომხეთი რუსეთის ხელმძღვანელობით მოქმედ ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირშია გაწევრიანებული, რაც მოსკოვს ქვეყნის საგარეო ვაჭრობაზე მნიშვნელოვან გავლენას აძლევს და ევროკავშირთან სრულფასოვანი სავაჭრო შეთანხმების გაფორმებას ართულებს.
რუსეთმა სომხური პროდუქციის წინააღმდეგ შეზღუდვების დაწესება 7 ივნისის საპარლამენტო არჩევნების წინ დაიწყო. თავდაპირველად აკრძალვა ყვავილების იმპორტს შეეხო, რასაც მოსკოვი ფიტოსანიტარული მოთხოვნების დარღვევით ხსნიდა. მოგვიანებით შეზღუდვები გავრცელდა მინერალურ წყალზე, ღვინოსა და კონიაკზე, ხილსა და ბოსტნეულზე, ასევე თევზეულობაზე.
არჩევნებამდე სამი დღით ადრე ევროკავშირმა 50 მილიონი ევროს ოდენობის დახმარების პაკეტი გამოაცხადა და სომეხი მწარმოებლებისგან იმ ყვავილების შესყიდვა დაიწყო, რომლებიც მანამდე რუსეთის ბაზარზე გადიოდა. მიუხედავად ეკონომიკური ზეწოლისა, პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის პროდასავლურმა პარტიამ არჩევნებში გაიმარჯვა.
ერევანში მოქმედი დამოუკიდებელი კვლევითი ცენტრის, რეგიონული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელის, რიჩარდ გირაგოსიანის შეფასებით, ევროკავშირის პირველი დახმარების პაკეტი სწრაფი რეაგირების მაგალითი იყო და აჩვენა, რომ რუსეთის ნაბიჯი პოლიტიკური თვალსაზრისით უკუშედეგის მომტანი აღმოჩნდა.
თუმცა, გირაგოსიანმა აღნიშნა, რომ რუსეთის გავლენა სომხეთის ვაჭრობაზე იმდენად დიდია, რომ ევროკავშირის ახალი ზომები მხოლოდ დროებითი გამოსავალი იქნება.
“ეს არ არის საკმარისი რუსეთის დომინაციის დასაბალანსებლად. უფრო მეტად დროებითი შემამსუბუქებელი მექანიზმია.” – თქვა მან.
გამოცემის თანახმად, ევროკავშირში განსაკუთრებული განხილვის საგანია სომხური კონიაკის მხარდაჭერა, რადგან კონიაკისა და ბრენდის წარმოება საფრანგეთისთვის ეკონომიკურად მნიშვნელოვანი სექტორია. ტერმინი კონიაკი ევროკავშირში გეოგრაფიული ინდიკატორით არის დაცული. როგორც FT წერს, დამატებით გამოწვევას წარმოადგენს სომხეთის გეოგრაფიული მდებარეობაც – ევროკავშირის ბაზრამდე მალფუჭებადი პროდუქციის საქართველოსა და თურქეთის გავლით ტრანსპორტირება.