Telegraph: აშშ-მ პოლონეთი გააფრთხილა, რომ რუსეთი შეიარაღებული "პროვოკაციისთვის" ემზადება
გამოცემა Telegraph-ის ინფორმაციით, აშშ-მ პოლონეთი გააფრთხილა, რომ რუსეთი NATO-ს გამოსაცდელად პოლონეთის მიწაზე შეიარაღებული “პროვოკაციის” მოწყობას გეგმავს.
ბრიტანული გამოცემის მიხედვით, კრიტიკული მნიშვნელობის პოლონური ინფრასტრუქტურა შესაძლოა, დრონებითა და რაკეტებით ამოიღონ სამიზნეში ან ასევე შესაძლებელია, რომ რუსმა სამხედროებმა საზღვარი გადაკვეთონ და NATO-ს ტერიტორიაზე შევიდნენ.
პოლონურ მედიას, Onet-ს პრეზიდენტ კაროლ ნავროცკისთან დაახლოებულმა წყაროებმა აცნობეს, რომ ვაშინგტონმა კრემლის გეგმების შესახებ ვარშავა რამდენჯერმე გააფრთხილა.
წყაროების მიხედვით, მოსკოვის პროვოკაციის მიზანი ესკალაციის გამოწვევა იქნება, რათა კიევის დასავლელ მოკავშირეებს უკრაინისთვის დახმარების შეწყვეტა აიძულონ. Telegraph წერს, რომ პროვოკაციის მოწყობა შესაძლოა, მომდევნო თვეების განმავლობაში მოხდეს.
გამოცემის ცნობით, პოლონეთის უსაფრთხოების სფეროს წყაროები ასევე არ გამორიცხავენ ჩვეულებრივ თავდასხმასაც, რომლის ფარგლებშიც შესაძლოა, რომ რუსმა სამხედროებმა ქვეყნის ტერიტორიაზე მცირე მასშტაბის სახმელეთო შეჭრა სცადონ.
Onet-ის წყაროების ინფორმაციით, პროვოკაციის სცენარები მოიცავს კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე დრონებით თავდასხმას ან სიმულირებულ საჰაერო დარტყმებს, რაც პოლონეთს საჰაერო თავდაცვის სისტემების გააქტიურებას აიძულებს.
ერთ-ერთი წყაროს თქმით, ყველაზე უკიდურეს შემთხვევაში, შესაძლოა, “სასაზღვრო რეგიონზე ჰიბრიდული თავდასხმა” მოხდეს.
ამავე წყარომ აღნიშნა, რომ არ გამოირიცხება რუსი ან ბელარუსელი სამხედროების მიერ შეიარაღებული თავდასხმაც.
როგორც Telegraph წერს, რუსეთი შეეცდება, რომ მსგავსი პროვოკაცია GPS-ის გაუმართაობის გამო პოლონეთის ტერიტორიაზე შემთხვევით შეჭრად ან გაუმართავი ვერტმფრენის დაბრუნების მიზნით სამაშველო მისიად წარმოაჩინოს.
Onet-ის პოლონური წყაროების მიხედვით, რუსეთი იმედს დაამყარებს იმაზე, რომ რუსი ან ბელარუსელი სამხედროებისთვის ცეცხლის გახსნის ნაცვლად აშშ პოლონეთს რუსეთთან ან ბელარუსთან მოლაპარაკებების გამართვას აიძულებს.
Telegraph წერს, რომ იმ შემთხვევაში, თუ რუსი სამხედროების უკან დახევა პოლონეთთან მოლაპარაკებების შედეგად მოხდება და არა იმიტომ, რომ ვარშავამ მათ ეს სამხედრო გზით აიძულა, ეს მოსკოვის გადმოსახედიდან გამარჯვებად ჩაითვლება.
ხოლო მსგავსი მოლაპარაკებების გამართვის შემთხვევაში რუსეთის მთავარი მოთხოვნა შესაძლოა, უკრაინისთვის დასავლური დახმარების შეწყვეტა იყოს.
აშშ “სისტემატურად ატყობინებს პოლონეთს NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგზე ჩვეულებრივი თავდასხმის კუთხით რუსეთის მუდმივად განახლებადი გეგმების შესახებ.” – ამბობს პოლონეთის პრეზიდენტთან დაახლოებული პირი.
ამას გარდა, მეორე წყარომ, რომელიც NATO-ს ერთ-ერთ ქვეყანაში პოლონეთის ელჩია, და ასევე მესამე წყარომაც პოლონეთის თავდაცვის სამინისტროდან, დაადასტურეს, რომ პოლონეთში ან ბალტიის რომელიმე სახელმწიფოში პროვოკაცია სერიოზულ რისკს შეიცავს.
ბალტიის რეგიონიდან უსაფრთხოების სფეროს მეოთხე წყარომაც Telegraph-ს დაუდასტურა, რომ მოსკოვში მსგავს გეგმებს განიხილავენ. გეგმის სისრულეში მოყვანის შემდეგ კი რუსეთმა შესაძლოა, იმის მტკიცება დაიწყოს, რომ პროვოკაცია უკრაინამ მოაწყო.
Telegraph-ის შეფასებით, ლატვიაში აშშ-ს საზღვაო ძალებისა და საზღვაო ქვეითების მონაწილეობით გამართული ბოლო საზღვაო წვრთნების მიზანი მოსკოვისთვის იმის შეხსენება იყო, რომ NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგზე თავდასხმა ამერიკელ სამხედროებზე დე ფაქტო თავდასხმად ჩაითვლება.
გასულ თვეში გერმანიის საჰაერო ძალების მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტ ჰოლგერ ნოიმანმა Telegraph-თან საუბრისას თქვა, რომ გერმანია რუსეთთან საბრძოლველად “ამ ღამესვე” არის მზად, თუ მათ NATO-ზე მოსკოვის თავდასხმის მოგერიება მოუწევთ.
ლუფტვაფეს მეთაური რუსეთს გამანადგურებელი დარტყმებით ემუქრება, თუ NATO-ს თავს დაესხმებიან