რუსეთის სახელმწიფო დუმამ ოკუპირებულ ცხინვალთან მოკავშირეობის კანონი მიიღო
რუსეთის სახელმწიფო დუმამ 13 მაისს მიიღო კანონი, რომელიც ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთთან მოკავშირეობის გაღრმავებას ითვალისწინებს. კანონპროექტი პუტინმა 9 მაისს, ოკუპირებული ტერიტორიის დე ფაქტო პრეზიდენტ ალან გაგლოევთან შეხვედრის შემდეგ, საკანონმდებლო ორგანოს წარუდგინა.
გაგლოევი 9 მაისს მოსკოვში ჩავიდა, სადაც პუტინთან ერთად ხელი მოაწერა ხელშეკრულებას. გაგლოევმა განაცხადა, რომ ისინი „კიდევ ერთ ნაბიჯს დგამენ ქვეყნებისა და ხალხების დაახლოებისკენ” და ეს „ოსი ხალხის გაერთიანების პროცესის დასაწყისია”.
კანონის შინაარსი: მხარეები გეგმავენ კოორდინირებული საგარეო, თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკის გატარებას, ინფრასტრუქტურისა და ადამიანური პოტენციალის ერთობლივ განვითარებას. ასევე ადგილობრივი ხელისუფლებების მიერ გაცემული დოკუმენტები ორმხრივად იქნება აღიარებული.
ქართული საგარეო უწყება ამ სიახლეს ჯერ გამოხმაურებია. ქართული მხარე ზოგადად ოკუპაციას საერთაშორისო სამართლის დარღვევად განმარტავს. 2026 წლის აპრილის ანგარიშის მიხედვით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ამბობს, რომ „საოკუპაციო ძალა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე პროცესებს თბილისზე ზეწოლის ინსტრუმენტად იყენებს და ანექსიისთვის ხელსაყრელ მომენტს ელოდება”.