რუსეთში ბენზინის გაყიდვაზე შეზღუდვები სარატოვის ოლქსა და ციმბირში ამოქმედდა
რუსეთში ბენზინის გაყიდვაზე შეზღუდვები ირკუტსკის, ომსკის, ნოვოსიბირსკისა და სარატოვის ოლქებში ამოქმედდა.
22 ივნისს ომსკის ოლქის გუბერნატორმა, ვიქტორ ხოცენკომ, განაცხადა, რომ “ბენზინგასამართ სადგურებზე ხელოვნური აჟიოტაჟის თავიდან ასარიდებლად”, ბენზინის კანისტრებით გაყიდვა იკრძალება და ერთ ავტომობილზე მხოლოდ 40 ლიტრი საწვავის შეძენა იქნება ნებადართული. იზღდება დიზელის ტიპის საწვავის გაყიდვაც - მხოლოდ 80 ლიტრი ჩვეულებრივ ბენზინგასამართ სადგურებზე და 200 ლიტრი ტრასებზე.
ირკუტსკის ოლქის გუბერნატორმა, იგორ კობზევმა, 22 ივნისს თქვა, რომ რეგიონში “იძულებულნი გახდნენ ხელით მართვის რეჟიმზე გადასულიყვნენ” და ”თითოეული მიმღებისთვის საწვავის მოცულობას ინდივიდუალურად განსაზღვრავენ”.
23 ივნისის გამთენიისას ნოვოსიბირსკის გუბერნატორმა, ანდრეი ტრავნიკოვმა, თქვა, რომ ოლქის ტერიტორიაზე ბენზინის გაყიდვა იზღუდება, რადგან მეზობელ რეგიონებში საწვავის გაყიდვაზე ლიმიტები დააწესეს.
ფიზიკურ პირებზე ბენზინის გაყიდვასთან დაკავშირებული შეზღუდვების შესახებ 22 ივნისს გამოაცხადა სარატოვის ოლქის ხელმძღვანელმა რომან ბუსარგინმაც. მისი ცნობით, რეგიონის ბენზინგასამართ სადგურებზე 30 ივნისამდე იმოქმედებს შეზღუდვა - ერთ მანქანაზე 30 ლიტრი ბენზინი. ბუსარგინის თქმით, ეს არის “იძულებითი ზომა, რათა დაიწიოს უსაფუძვლო აჟიოტაჟი და შესაძლო სპეკულაციები საწვავის ბაზარზე”.
უკრაინულ დრონებს რუსული საწვავის ინფრასტრუქტურაზე პერიოდულად მიაქვთ იერიშები. Reuters-ის მონაცემებით, მაისის ბოლოს იერიშების შედეგად ცენტრალურ რუსეთში თითქმის ყველა დიდმა ნავთობგადამამუშაველმა სადგურმა მუშაობა შეაჩერა ან შეამცირა. საწვავის კრიზისია ოკუპირებულ ყირიმში.