დღეს, 6 ივლისს რუსულმა სარაკეტო და დრონების დარტყმებმა კიევში სულ მცირე 11 ადამიანი იმსხვერპლა და საცხოვრებელი კორპუსები მძიმედ დააზიანა. ინფორმაციას The Moscow Times უკრაინელ ოფიციალურ პირებე დაყრდნობით ავრცელებს. ეს თავდასხმა უკრაინის დედაქალაქზე განხორციელებული წლევანდელი ყველაზე სისხლისმღვრელი იერიშიდან სულ რამდენიმე დღეში მოხდა.
კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ ტელეგრამზე გამოქვეყნებულ პოსტში აღნიშნა, რომ სამაშველო ჯგუფებს ღამის დაბომბვის შედეგად დანგრეული შენობებიდან მოქალაქეები გამოიყვანეს. კლიჩკოს განცხადებით, დედაქალაქში დაღუპულთა რაოდენობა 11-მდე გაიზარდა, ხოლო ქალაქის მასშტაბით 46 ადამიანი დაშავდა.
დაბომბვის შედეგად კიდევ ერთი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა კიევის მიმდებარე ოლქში. ადგილობრივი ოფიციალური პირების ცნობით, იერიში მიიტანეს ოდესაზეც, სადაც სულ მცირე ერთი ადამიანი დაშავდა.
უკრაინის სამხედრო-საჰაერო ძალების განცხადებით, რუსეთმა თავდასხმისას 68 რაკეტა გამოიყენა, მათ შორის 23 ბალისტიკური და ექვსი ზე- და ჰიპერბგერითი რაკეტა, ასევე 351 დრონი. საჰაერო ძალების მონაცემებით, ჩამოაგდეს ან გააუვნებელყვეს 37 რაკეტა და 326 დრონი, თუმცა ვერცერთი ბალისტიკური, ზე ან ჰიპერბგერითი რაკეტის განადგურება ვერ მოხერხდა.
მეზობელმა პოლონეთმა, პრევენციის მიზნით, მოკლე დროით მოიერიშე თვითმფრინავებიც კი ააფრინა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ორშაბათს განაცხადა, რომ უკრაინის დედაქალაქსა და სხვა ლოკაციებზე ფართომასშტაბიანი თავდასხმა განახორციელა. უწყების მტკიცებით, კიევსა და კიევის ოლქში სამხედრო და ენერგეტიკული ობიექტები დაზიანდა, უკრაინის რამდენიმე სხვა რეგიონში კი — სამხედრო აეროდრომები.
რუსეთის ხელისუფლების ცნობით, უკრაინამ საპასუხოდ რუსეთზე დრონებით იერიშები მიიტანა, რის შედეგადაც ბალტიის ზღვის პორტები — ვისოცკი და უსტ-ლუგა დაზიანდა, რომელიც ნავთობის ექსპორტის მთავარი პუნქტია. უკრაინულმა თავდასხმებმა ელექტროენერგიის გათიშვა გამოიწვია ყირიმის ქალაქ სევასტოპოლშიც, სადაც რუსეთის შავი ზღვის ფლოტია ბაზირებული.
ცნობისთვის, ეს მოვლენები წინ უსწრებს ამ კვირაში თურქეთში დაგეგმილ NATO-სამიტს, სადაც აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება, რათა განაახლოს მცდელობები ომის დასასრულებლად, რომელიც 2022 წლის თებერვალში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრით დაიწყო.