საქართველო 41:34 ურუგვაი
საქართველო: 15. ლუკა ცირეკიძე, 14. აკაკი ტაბუცაძე, 13. დავით ნინიაშვილი (კაპ.), 12. გიორგი კვესელაძე, 11. რომა მახათაძე, 10. ლუკა მატკავა, 9. ვასილ ლობჟანიძე; 1. გიორგი ახალაძე, 2. ნიკოლოზ სუთიძე, 3. ალექსანდრე ქუნთელია, 4. მიხეილ ბაბუნაშვილი, 5. კოტე მიქაუტაძე, 6. ბექა შვანგირაძე, 7. ლუკა ივანიშვილი, 8. თორნიკე ჯალაღონია. 16. ლუკა პეტრიაშვილი, 17. ნიკა აბულაძე, 18. ბაჩუკი ჭუმბაძე, 19. ლადო ჩაჩანიძე, 20. გიორგი ჯავახია, 21. ილია სპანდერაშვილი; 22. მიხეილ ალანია, 23. თორნიკე კახოიძე.
5ლ: მატკავა, სუთიძე, ჯალაღონია, საჯარიმო, ალანია. 2ს,5გ: მატკავა
საქართველოს ნაკრებმა ერთა თასის გათამაშების პირველი მატჩი მონტევიდეოში, ურუგვაის ნაკრების წინააღმდეგ გამართა და 41:34 გაიმარჯვა.
მასპინძლებმა მთლიანობაში მედგარი ბრძოლა გაგვიმართეს. თუმცა, ერთფეროვნად, ერთი და იგივე სისტემით ცდილობდნენ ფონს გასვლას. პერიოდულად უპირატესობასაც ეუფლებოდნენ და მათი სათამაშო სისტემაც შედეგს იძლეოდა. მეტწილად იმიტომ, რომ ბორჯღალოსნები ხშირად ცდებოდნენ და ჯარიმდებოდნენ. ეს უკვე ქართული რაგბის საერთო პრობლემად იქცა.
ურუგვაიმ ლელო პირველივე შესაძლებლობისთანავე გაიტანა. მასპინძლებმა დერეფნიდან მოლით შეგვიტიეს და ზედ ალამთან დაგვალელოვეს. მათმა მგეზავმა ვერ გარდასახა - 5:0.
ანგარიშში მე-15 წუთზე დავწინაურდით. ჩვენი მორკინალების მიძალება მარჯვენა გრძელ ფრთაზე უკანახაზელებმა განაგრძეს და მგეზავმა ლუკა მატკავამ ლელოში შეაღწია. გარდასახვაც თვითონ გაიტანა - 7:5.
უპირატესობას საქართველოს ნაკრები დაეუფლა. მატკავამ კიდევ ორი საჯარიმო გაიტანა. მერე ხუთმეტრიანი დერეფნიდან მოლი ავაგორეთ და ნიკოლოზ სუთიძემ ბურთი ლელოში გადადო. მატკავამ ესეც გარდასახა და 20:5 დავწინაურდით.
ტაიმის დასასრულს 10 წუთი აკლდა. ჩვენმა გუნდმა შეცდომებს უმატა. ხშირად ვჯარიმდებოდით და ურუგვაელებმა ანაგარიშის ხუთ ქულამდე შემცირება შეძლეს. ჯერ საჯარიმო გაგვიტანეს. მერე გაწითლებულ დროზე ლელოც მიითვალეს, რომელიც გარდასახეს კიდეც. პლუს ამასობაში დავით ნინიაშვილი გაგვისინბინეს. 20:15 ასე დასრულდა პირველი ტაიმი.
შესვენების შემდეგ თამაში კაცნაკლულმა დავიწყეთ. ურუგვაელებმა ამით ისარგებლეს. კიდევ ერთი ლელო გაგვიტანეს და ანგარიშში 22:20 დაწინაურდნენ.
ამის შემდეგ თამაში გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. თუმცა, ბორჯღალოსნებმა სამი ლელოს გატანა მაინც მოახერხეს, რაზეც მასპინძლებმა ორით გვიპასუხეს და საბოლოოდ 41:34 მოვიგეთ. ჩვენი გუნდიდან ლელოები თორნიკე ჯალაღონიამ და მიხეილ ალანიამ გაიტანეს. ერთიც მსაჯმა საჯარიმო ლელო მოგვანიჭა.
მომდევნო მატჩს საქართველოს ნაკრები 11 ივლისს სამოას ნაკრებთან გამართავს, რომელიც ურუგვაიზე უკეთესი გუნდია. ამდენად, წინ კიდევ ერთი, საკმაოდ მძიმე ბრძოლა გველის.