რუბიო: ვიმედოვნებთ, საქართველოს „ქცევა” შეიცვლება — კონგრესმენი ბიძინა ივანიშვილის მთავრობას ირანის მხარდამჭერ რეჟიმს უწოდებს
3 ივნისს, აშშ-ის კონგრესში მოსმენისას, სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს კითხვა დაუსვა რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ჯო უილსონმა, რომელიც „ქართული ოცნების” ხელისუფლების ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი კრიტიკოსია.
უილსონმა საქართველოს ხელისუფლება „პროირანულ რეჟიმად” დაახასიათა და დასძინა, რომ ის „ჩინეთის კომუნისტური პარტიის მიერ არის მხარდაჭერილი”, „არალეგიტიმურია” და „ემუქრება ამერიკელთა ინტერესებს”. კონგრესმენმა ასევე განაცხადა, რომ „საქართველოში არჩევნები გააყალბეს” და ხელისუფლება „ისლამური რევოლუციის გუშაგთა გვარდიას ეხმარება” ამერიკის სანქციების გვერდის ავლაში. უილსონმა რუბიოს ჰკითხა: „რა უნდა გაკეთდეს „ქართული ოცნების” მთავრობის მიერ წახალისებული სწრაფი რადიკალიზაციის წინააღმდეგ?”
„მართალი ხართ,” — უპასუხა რუბიომ. — „ყველაფერი, რაც თქვენ აღწერეთ, ჩვენ უკვე გვაშფოთებს.”
სახელმწიფო მდივანმა განმარტა, რომ ამის შემდეგ საქართველოს ხელისუფლებამ გარკვეული ნაბიჯები გადადგა, რაც ვაშინგტონს ურთიერთობების გაუმჯობესების სურვილს მიანიშნებს. „მათ გვკითხეს: „რა იქნება საჭირო შეერთებულ შტატებთან უკეთესი ურთიერთობისთვის?” ჩვენ ვუპასუხეთ და მივიღეთ გარკვეული დადებითი გამოხმაურება,” — განაცხადა რუბიომ.
„ამიტომ ვიმედოვნებთ, რომ ვნახავთ ტრაექტორიის შეცვლას — არა მხოლოდ ჩვენი ურთიერთობებისა საქართველოსთან, არამედ მათი ქცევისა,” — დაასრულა სახელმწიფო მდივანმა.
კონგრესში მოსმენის შემდეგ უილსონმა სოციალურ ქსელში მადლობა გამოუცხადა პრეზიდენტ ტრამპს. „ანტიამერიკული „ქართული ოცნების” რეჟიმი ხელს უწყობს ირანისა და ჩინეთის კომუნისტური პარტიის უკანონო ქმედებებს, მაშინ, როცა საკუთარ ხალხს უკანონოდ აპატიმრებს. მადლიერი ვარ, რომ პრეზიდენტი ტრამპი ამ არაკეთილსინდისიერი სახელმწიფოსგან ქცევის შეცვლას მოითხოვს!” — წერს კონგრესმენი.
თბილისს რუბიოს განცხადებაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია. ირაკლი კობახიძეს ადრე ნათქვამი ჰქონდა, რომ საქართველოს ექსპორტი ირანში „ვაჭრობის ნახევარ პროცენტზე ნაკლებია” და ირანული სანქციების გვერდის ავლის ბრალდებები „ტყუილია”.