ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული გულბაათ რცხილაძე ბრალს კატეგორიულად უარყოფს
ჯაშუშობის ბრალდებით 30 მაისს დაკავებული გულბაათ რცხილაძის ადვოკატი, ლაშა გოლუბიანი, ამბობს, რომ კლიენტი ბრალს „კატეგორიულად” უარყოფს.
„ეს ადამიანი ამბობს: „არანაირი ჯაშუში მე არ ვარ.” პირიქით, მისი მოღვაწეობა, თუ რამე იყო, მიმართული იყო რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ნორმალიზებისკენ,” — ყვება ადვოკატი. გოლუბიანის თქმით, რცხილაძე თავის დაკავებას „რუსოფობიის მონიტორინგის საბჭოს” შექმნის ინიციატივას უკავშირებს — ეს პრორუსული ორგანიზაციების საინიციატივო ჯგუფია, რომლის ერთ-ერთი ავტორი თავად რცხილაძეა.
„„ობიექტივზე” 27 მარტიდან გახშირებულმა გამოსვლებმა, სავარაუდოდ, გარკვეული თანამდებობის პირების გაღიზიანება გამოიწვია,” — ამბობს ადვოკატი. ასევე ირკვევა, რომ რცხილაძე ბოლო მომენტში ირანში სამგზავრო გეგმებს გადაიფიქრა ოჯახური გარემოებების გამო.
რცხილაძე ევრაზიის ინსტიტუტის დირექტორია. მისი საქმე, ადვოკატის განმარტებით, სრულიად განცალკევებულია ამავე დღეს ასევე ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული ირაკლი ჩიხლაძის საქმისგან.