როსტომ მაზმიშვილს საპატრიარქოს ეზოში მანქანით შეჭრისთვის ბრალი წარუდგინეს
2026 წლის 20 მაისს როსტომ მაზმიშვილი, რელიგიური შეუწყნარებლობის მოტივით, ავტომანქანით საპატრიარქოს რეზიდენციის ტერიტორიაზე შეიჭრა. შესასვლელთან დააზიანა შლაგბაუმი, შესასვლელი კარი და ეზოში მდგომი ავტომანქანა, ხოლო შემდეგ ეზოში მყოფ პირებს ემუქრებოდა და საზოგადოებრივ წესრიგს არღვევდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბრალდებული იმავე დღეს დააკავა.
პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებულის ქმედებით მიყენებული მატერიალური ზიანი 9 350 ლარს შეადგენს.
მაზმიშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით წარუდგინეს: 187-ე მუხლის პირველი ნაწილი (სხვისი ნივთის დაზიანება) და 239-ე მუხლის მესამე ნაწილი (ხულიგნობა, ჩადენილი სხვა საგნის იარაღად გამოყენებით). ორივე ბრალდების მსჯავრდება სასჯელის სახედ 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიების ფარგლებში ბრალდებულის მიმართ ფსიქიატრიული ექსპერტიზა დაინიშნა. პროკურატურა კანონით დადგენილ ვადაში სასამართლოს პატიმრობის სახით აღკვეთის ღონისძიების შეფარდების მოთხოვნით მიმართავს.