← მთავარი
სპორტი

რომარიომ ანჩელოტი უხეშად მოიხსენია და შემდეგ ბოდიში მოიხადა

9 ივლისი, 2026 · წყარო: sportall.ge
რომარიომ ანჩელოტი უხეშად მოიხსენია და შემდეგ ბოდიში მოიხადა

ბრაზილიის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა რომარიომ, თავისი ქვეყნის ეროვნული გუნდის მწვრთნელი კარლო ანჩელოტი მსოფლიო ჩემპიონატზე განცდილი მარცხის გამო გააკრიტიკა.

„ანჩელოტი ბრაზილიას „რეალის“ მსგავსად ვერ ათამაშებს, სადაც ოთხი თუ ხუთი წელი იმუშავა. ნაკრებისგან განსხვავებით კლუბში ფეხბურთელების შესათამაშებლად დრო ჰქონდა. რა დროც აქ ჰქონდა, ვერაფერი სახეირო ვერ გააკეთა.

ნაკრებმა 18 თუ 19 მატჩი ჩაატარა, მან კი მხოლოდ ორჯერ გაიყვანა მოედანზე ერთი და იგივე შემადგენლობა. ასე როგორ აპირებდა გამარჯვების მოპოვებას? ეს შეუძლებელია. მუნდიალებზე ექსპერიმენტები სურდა, რაც შეცდომაა. არ ვამბობ, რომ ანჩელოტი მთავარი დამნაშავეა, მაგრამ შედეგში დიდწილადაა დამნაშავე. დიდწილად.

გვყავდა დუნგა, რომელმაც წააგო და წავიდა. გვყავდა სკოლარი, მან ჩემპიონატი მოიგო და დარჩა. ტიტემ წააგო, დარჩა და კვლავ წააგო. ახლა დამარცხებული ანჩელოტი დარჩება. ეს არასწორია“, - თქვა რომარიომ Romário TV-ს ეთერში.

როდესაც წამყვანმა ბენჟამინ ბაკმა ჰკითხა რომარიოს, რას ეტყოდა ანჩელოტის ამის შესაძლებლობა რომ მიეცეს, მან უპასუხა: „ვეტყოდი, წადი… ვეტყოდი, აიღოს ბილეთი და იტალიაში დაბრუნდეს.

პროგრამის ბოლოს რომარიო მიხვდა, რომ ძალიან უხეშად ისაუბრა და ბოდიში მოიხადა: „მინდა ჩემი სიტყვები, „წავიდეს…“ უკან წავიღო. ჩემი მხრიდან ეს ძალიან უხეში მიმართვა იყო. ანჩელოტი ჯენტლმენი და თავაზიანი ადამიანია და ამას არ იმსახურებს, თუმცა მე კონტრაქტს გავუწყვეტდი და გავათავისუფლებდი“.

← მთავარი